NGO-ები: ნაწამები აქტივისტი სპეცრაზმმა ლისის ტბაზე გაიტაცა, სადაც მოკვლით და იქვე დამარხვით ემუქრებოდა
ნაწამები აქტივისტი სპეცრაზმმა ლისის ტბაზე გაიტაცა, სადაც მოკვლით და იქვე დამარხვით ემუქრებოდა - ამის შესახებ ცნობილი მესამე სექტორის განცხადებიდან გახდა.
ირკვევა, რომ დაკავების მანქანაში, მინივენებში ნაცემ აქტივისტებს გაზის კაფსულებს უგდებდნენ და ავტომობილის კარს კეტავდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ და "კანონს უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრეს იმაზე, თუ „როგორ დაგეგმა „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება“.
ჩვენ მიერ გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც ეყრდნობა მხვერპლთა მიერ ადვოკატებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 28 ნოემბერს დაწყებული მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა"- თქვა ნინო ლომჯარიამ.
აქციების გადამეტებული ძალით დაშლა
ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლისათვის შსს იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლში გაზავებულ გაურკვეველ ნივთიერებებს, წიწაკის სპრეის, გაურკვეველი ნივთიერების მხუთავ გაზს და სხვა.
რიგ შემთხვევებში დაშლის დაწყებმდე წყლის ჭავლის სპეციალური მანქანა უახლოვდებოდა დემონსტრანტებს, ისმოდა სპეციალური გაფრთხილება/მოწოდება დაშლისაკენ. რიგ შემთხვევებში კი, დემონსტრაციების დაშლა იწყებოდა პირდაპირ დევნით და დემონსტრანტების დაკავებით, ხოლო გამაფრთხილებელი სიგნალი და დაშლის სხვა საშუალებები შემდეგ გამოიყენებოდა.
წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, სპეცრაზმი ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის მისამართით ისროდა დიდი რაოდენობით მხუთავი გაზის კაფსულებს, რაც შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას, ხედვას, იწვევდა პანიკას და ქმნიდა ჭყლეტვისა და ქაოსის რეალურ საფრთხეს.
ცრემლსადენი გაზის კვამლში გახვეული დემონსტრანტების დასაჭერად სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ დამრბევი ჯგუფები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად ყველას ვინც ვერ ასწრებდა ტერიტორიის დატოვებას;
რიგ შემთხვევებში, მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დაშლის მოწოდებას, სპეცრაზმი უწყობდა ჩასაფრებას, აქცევდა ალყაში და ისე აკავებდა მათ.
დაკავებულთა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა
დაკავების პროცესში სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დაკავებულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შეჰყავდათ სპეცრაზმის კორდონში, სამართალდამცავები კვლავ ფიზიკურ ძალადობას განაგრძობდნენ და შემდეგ მიჰყავდათ დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში, ე.წ. მინივენებში.
დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში შიდა სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო;
მინივენებში პერიოდულად, მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მოთავსებულ დაკავებულებს;
დაკავებულების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობასა და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს - სად, როგორ და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებულები;
დაკავებულებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალ-ბუდეების, ნეკნების, თირკმელების არეში;
ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს - ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს;
ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა, შემდეგ კი კარი დახურეს.
ცნობილი ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს; ასევე, ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ, მაგალითად, წინდებს;
დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხვით;
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ.
ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას: უღებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს და აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება). რიგ შემთხვევებში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა.
ნაცემი და ნაწამები დაკავებულების პოლიციის განყოფილებებში და იზოლატორებში გადაყვანა
ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცნაზი დაკავებულებს გადასცემდა საპატრულო პოლიციას, რომელსაც დაკავებულები ჯერ პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში, ხოლო 3-4 სააათის შემდგომ დაკავების იზოლატორებში გასანაწილებლად გადაჰყავდათ.
გადატვირთულობის გამო იზოლატორში შესახლებამდე, სასტიკად ნაცემ, ტანსაცმელშემოხეულ, დასველებულ დაკავებულებს საათობით (საშუალოდ 3 ან მეტი საათი) უხდებოდათ დაკავების მანქანებში მოცდა. რიგ შემთხვევებში ამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებულები სხვა ქალაქების იზოლატორებში მიჰყავდათ.
იზოლატორებში შესახლებამდე პოლიციელების მიერ შედგენილი დაკავების ოქმების აბსოლუტური უმრავლესობა შეიცავს არასწორ, ყალბ ინფორმაციას.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ეტყობოდათ წამების და ფიზიკური ძალადობის აშკარა კვალი, მათ არ უწევდნენ დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში არ გადაჰყავდათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
დაკავებულებს იზოლატორში შესახლებამდე არ ეძლეოდათ ადვოკატთან შეხვედრისა და ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა.
უმეტესად, დაკავების 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ იზოლატორებიდან სასამართლოს წინაშე წარდგენილ დაკავებულებს მოსამართლე არ აძლევდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას.
კომენტარი