ბათუმში კაცი ჩაცხრილეს, მისი მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში ჩაცხრილული კაცის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დრომდე კლინიკაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილ კაცს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა
ბათუმში სროლის შედეგად 31 წლის კაცი გუშინ დაჭრეს. შემთხვევა ინასარიძისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე მოხდა. აჭარა თაიმსის ინფორმაციით, ადგილზე 10-მდე გასროლილი ტყვია დათვალეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს.