აშშ-ის ელჩი: მტკიცედ მოვუწოდებ "ოცნებას", გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო დასავლური ინტეგრაციის გზაზე
აშშ-ის ელჩი საქართველოში "ოცნების" ანტიდასავლურ განცხადებას და ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებს საგანგებო მიმართვით ეხმაურება. რობინ დანიგანი პირდაპირ ამბობს, რომ პრემიერ კობახიძის მიერ გახმოვანებული გადაწყვეტილება მოქმედი ხელისუფლების ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს.
აშშ-ის ელჩი მოწუდოებს ივანშვილის გუნდს გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე.
ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.
გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.
მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.
მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს", - წერია ამერიკის ელჩის განცხადებაში.
"ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცეს შეაჩერა - როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.
კომენტარი