თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო
ჟურნალისტ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში იქნება ექსტადირებული. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს. სადიგოვი პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მოიყვანეს.
პროცესზე საქმის პროკურორი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული აქვთ გარანტიები, რომ სადიგოვი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური ხასიათი არ აქვს.
საწინააღმდეგოს ამბობდა ადვოკატი. ქეთევან ჩუთლაშვილი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან სადიგოვის ექსტრადიცია მისი დასჯის მიზნითაა მოთხოვილი.
ინტერესების დამცველი გეგმავს, გადაწყვეტილება უზენაეს და ასევე სტრასბურგის სასამართლოებში გაასაჩივროს.
რაც შეეხება სადიგოვის ოჯახს, მეუღლე ამბობს, რომ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
კანონიერს არაფერს ველოდებოდი. ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ივანიშვილმა იყიდა სასამართლო და უპირობოდ შეასრულა ალიევის დაკვეთა. აფგანი არ იქნება პირველი, ვისაც დიქტატორი ალიევი წამებით მოკლავს ციხეში. ჩვენ ვითხოვდით თვეები, რომ არ გადაეცათ, უამრავი მტკიცებულება შევაგროვეთ,რ ომ ჩემს ქმარს აზერბაიჯანში ციხეში სიკვდილი ელის. არავინ გაითვალისწინა, ამიტომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ვაკისრებთ ივანიშვილის რეჟიმს, - ამბობს მეუღლე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
კომენტარი