მოლოდინი – გოდერძი ჩოხელი

- ასე მგონია, ვიღაცა უნდა შემხვდეს.

- ვინ უნდა შეგხვდეს?

- რა ვიცი.

- მაშ, რატომ გგონია?

- იცი, მე ის მიყვარდა.

- როდის?

- ეგ არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.

- მაინც?

- მანამ დავიბადებოდი.

- ვერ გავიგე.

შეიძლება მაშინ დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან. მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ მას ვეძებ.

- რომ არ შეგხვდეს?

- ეგეც შეიძლება.

- უცოლო ხომ არ დაბერდები, მოიყვანე ვინმე.

- ვინ?

- რა ვიცი, ვინმე.

- არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო.

- ის რომ არ შეგხვდეს?

- ხომ მიყვარს?

- ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.

- ჰო, მიყვარს.

- იქნებ არ გიყვარს?

- მაშ, რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს?

- იქნებ სიზმარში ნახე.

- არა, სხვაგან ვნახე სადღაც.

- გარეგნობა გახსოვს, როგორი აქვს?

- არა, არ მახსოვს.

- მაშ, როგორ უნდა იცნო, რომ შეგხცდეს?

- ვიცნობ. ვიცი, რომ ვიცნობ. არ შეიძლება რომ არ ვიცნო.

* * *

- არ შეგხვდა?

-არა, არ შემხვდა.

- მერე?

- რა მერე?

- არ მოიყვანე ცოლი?

- არა.

- კიდევ იმას ელოდები?

- ჰო.

- რამდენი წლის ხარ?

- სამოცდაექვსის.

- კიდევ გიყვარს?

- კიდევ.

- იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი!

- ჰა?!

- არა, არაფერი.

კომენტარი