ონისე ონიანი: „იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საბურავებს ვყიდდი და ვიღაც ნაცნობი შემოდიოდა, ვიმალებოდი“

მსახიობობა რომ რთული პროფესიაა, ეს ყველამ ვიცით, საჭიროა დიდი ძალისხმევა და ენერგია, რათა მაყურებელს პერსონაჟი შეაყვარო. უფრო რთულია მსახიობის ცხოვრება. მან ყოფითი პრობლემები სცენის მიღმა უნდა დატოვოს. შეიძლება არ ეცინებოდეს და არც ემღერებოდეს, მაგრამ სცენაზე ის უნდა გარდაიქმნას ისე, როგორც ამას რეჟისორი და მაყურებელი ითხოვს. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ონისე ონიანიც ერთ-ერთი მათგანია.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ოცნებად გქონდათ გიჟის როლის თამაში, რატომ მაინცდამაინც გიჟის?

– ეს ძალიან ადრე ვახსენე, გიჟის როლი არც ისე ადვილია სათამაშოდ. უნდა დაიცვა სიზუსტე, დაიჯერო გიჟი ადამიანის ელემენტები და მიაწოდო მაყურებელს ზუსტად ისე, როგორც ამას გიჟი აკეთებს. მსახიობისთვის, რაც უფრო რთულია როლი, მით უფრო საინტერესოა. თუმცაღა ახლა უკვე სხვანაირად მეჩვენება. ყველა როლი თავისებურად საინტერესოა. ეს როლი ჩემთვის ისევ საოცნებოდ რჩება, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე ვფიქრობდი ამაზე.

– ახლა თუ გაქვთ საოცნებო როლი?

– ხშირად ამბობენ, რომ უნდა ითამაშო შექსპირის რომელიმე გმირი, მაგალითად ჰამლეტი, მაგრამ არიან სხვა ისეთი დრამატურგები, რომლებიც საოცნებო როლებს წერენ. ჩემთვის დღესდღეობით ყველა საოცნებო როლია, რომელსაც მივიღებ და ვითამაშებ. იმიტომ კი არა, რომ მე მაკლია ან როლი, ან სცენაზე ყოფნა, უბრალოდ, ყოველთვის საინტერესოა მსახიობისთვის ახალი როლის შესრულება.

– გქონიათ ისეთი როლი, რომლის შესრულებაც გაგიძნელდათ?

– არის როლები რომლებსაც უცებ უღებ ალღოს და პირიქით, რომლებზეც ბევრი უნდა იმუშაო, რათა მას ბიოგრაფია შეუქმნა. მსახიობი როლის მიღებისთანავე უნდა დაფიქრდეს, ეს მისია თუ არა. ჩემი აზრით, მსახიობმა უნდა შეძლოს ყველა როლის თამაში. იფიქროს პერსონაჟზე, თუ როგორ სუნთქავს, როგორ დადის, რა მანერა აქვს, რა წარსული ჰქონდა, როგორი მომავალი აქვს და ა.შ.

შეიძლება ბევრი იმუშაო და კოლოსალური ენერგია დახარჯო, მაგრამ არ გამოგივიდეს ისე, როგორც საჭიროა. არ მეგულება ისეთი მსახიობი, რომელსაც ყველა როლი ერთნაირად გამოსდის, მათ შორის მეც. პირველად თქვენთან ინტერვიუში ვაღიარებ, რომ ყოფილა როლები, რომლებიც ჩამივარდა და არ გამომივიდა. იმ წუთში განვიცდიდი, მაგრამ მერე მივხვდი, ეს აუცილებელიც არის, რადგან შემდეგ როლზე უფრო მეტი შემართებით იწყებ მუშაობას.

– მსახიობისთვის რა განსხვავება აქვს იყოს თეატრისა და იყოს კინოს მსახიობი? აი, მაგალითად, თქვენ თეატრში უფრო მეტი როლი გაქვთ ნათამაშები, ვიდრე კინოში შესრულებული.

– იცით, როგორ არის? წარმოიდგინეთ, რომ კინო არის „ვაშლი“ და თეატრი კი „თაფლის პეროგი“. რა განსხვავებაა ამათ შორის, ორივე ხომ საკვებია? ანუ რისი თქმა მინდა, კინო არის სხვა დოზები, სხვა სიზუსტეები, თეატრში კი ეს დოზები უფრო მაღალ საფეხურზე დგას. ჟესტიკულაციის, მანერის, მიმიკის დოზა უფრო დიდია. თეატრში სპექტაკლისთვის 5 თვე ემზადები და ერთ მშვენიერ დღეს პრემიერა გექნება. ასევე, გაქვს იმპროვიზაციის საშუალება, მაგალითად ერთხელ თუ სხვანაირად წარმოაჩინე რომელიღაც გმირი, მეორედ უმატებ ისეთ ელემენტებს, რომ ამით უფრო ამდიდრებ პერსონაჟს. კინოში საქმე სხვანაირადაა: ერთი კვირა მუშაობ ფილმის კონკრეტულ ეპიზოდზე, შემდეგ შედიხარ გადასაღებ მოედანზე, შეასრულებ და ამას უკვე ვეღარ შეცვლი.
– რამდენადაც ვიცი, მარჯანიშვილის თეატრის გარდა სხვა თეატრებთანაც გქონიათ შეხება.

– დიახ, თეატრალური სარდაფი, რომელიც ჩემი მესამე ოჯახია, მაგრამ მარჯანიშვილისა და თეატრალური სარდაფის ოჯახებს ერთ სიმაღლეზე ვერ დავაყენებ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მე თეატრალურმა სარდაფმა გაცილებით მეტი რამ მომიტანა. იქ უფრო მეტი და საინტერესო როლი ვითამაშე, რომლის საშუალებითც ხალხმა შემიყვარა. ასევე, ერთი მსახიობის თეატრში მაქვს ნათამაშები, მიშა თუმანიშვილის სახელობის თეტრში, სამეფო უბნის თეატრში ბევრ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. ჩემი კარიერის დასაწყისიდან თუ დავიწყებ, ვიყავი: ზღაპრის თეატრში, თოჯინების თეატრშიც.

– მსახიობობასთან ერთად სხვა პროფესიაც გაქვთ შეთავსებული – მასწავლებლობა...

– დიახ, ნამდვილად ეს იყო ბრიტანული სკოლის განაყოფი, რომელიც გახდა ეროვნული სკოლა და სწორედ აქ ვასწავლი სასცენო ხელოვნებას. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ ერთ დღეს მოვიდა დირექტორი და მითხრა, რომ ძალიან კმაყოფილები არიან ჩემი იქ მუშაობით, რის გამოც შემომთავაზეს კონტრაქტის გახანგრძლივება. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, როცა ბავშვს ასწავლი რა არის სცენა, კულისები და რა ხდება თეატრის სცენაზე. უნდა იცოდნენ კულტურა, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა მოდიან თეატრში.

– მაგრამ მარტო ახლა არ ხდება ეს, ადრე თქვენს ცხოვრებაში იდგა ისეთი პერიოდი, რომ ზოგიერთი სამუშაოს კეთებასაც არ თაკილობდით...

– ეს იყო იმ დროს, როცა ყველას უჭირდა. მე ჩემი შვილის გულისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი. ყოველდღიური შემოსავალი რომ მქონოდა, ვმუშაობდი ელიავას ბაზრობაზე და ვყიდდი საბურავებს. დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვიყავი ელიავაზე, შემდეგ თეატრში მოვრბოდი რეპეტიციისთვის ან სპექტაკლში სათამაშოდ. არანაირ სამუშაოზე უარს არ ვამბობდი, ოღონდაც შემექმნა კომფორტი ჩემი ოჯახისთვის. თუნდაც დღეში 10 ლარი ყოფილიყო, მაღაზიაშიც კი მიმუშავია მომმარაგებლად.

მართალია, ძალიან დათრგუნული ვიყავი, მაგრამ... როდესაც რაღაც არ არის შენი მოწოდება და იმის კეთება გიწევს, ძალიან რთულია. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საბურავებს ვყიდდი და ვიღაც ნაცნობი შემოდიოდა, მათ დანახვაზე საბურავებში ვიმალებოდი. არ მინდოდა დავენახე და დამალვას ვამჯობინებდი, ოღონდ ისეთი ახლობელი კი არა, რომელიც ამ ყველაფერს გამიგებდა.

– თეატრში კოლეგებმა თუUიცოდნენ თქვენი დამატებითი სამსახურის შესახებ, რა რეაქცია ჰქონდათ?

– როგორ არა! მახსოვს, ქალბატონი მედეა კუჭუხიძე მაშინ აქ, მარჯანიშვილის თეატრში დგამდა სპექტაკლს „ზღაპარ იყო ზღაპარ იყო“, მეუბნებოდა: „მე ვარ გაოცებული შენით იმიტომ, რომ ყველაფერს ახერხებ, რათა შეიქმნა კომფორტი“. სამწუხაროდ, ამ ცხოვრებაში ადამიანს კომფორტს არავინ შეუქმნის, საკუთარი თავის გარდა!

– გადავიდეთ კინოროლებზე, რამდენიმე ფილმში მიიღეთ მონაწილეობა, ახლა არა გაქვთ შემოთავაზება?

– კინოში მე ვიმუშავე ერთხელ – ასე ვამბობ, თუმცაღა მაქვს მონაწილეობა მიღებული რამდენიმე ფილმში. გიორგი შენგელაიას ფილმში „ორფეოსის სიკვდილი“ მაქვს ეპიზოდური როლი ნათამაშები, ასევე იყო ფილმი „სვანი“, რომლის შემდეგაც კარგად გავეცანი კინოხელოვნებას და ახლა დუტა სხირტლაძე აპირებს ფილმის გადაღებას `სულიკო~, რომელიც არის ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით, ჩვენ ეს პიესა სპექტაკლის სახით ვითამაშეთ თეატრალურ სარდაფში, სექტემბრიდან კი იწყება ფილმის გადაღება, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ.

კომენტარი