„სიყვარულისთვის გავჩნდი და ზღვა სიყვარულად ვიქეცი“ - პოეტ ნინო უძილაურის გულწრფელი პოეზია და ლექსით ნათქვამი გრძნობები

გამორჩეული და გასაოცარი შინაგანი გულწრფელობა - ასეთი შეფასებას აძლევს პოეტი რევაზ მიშველაძე ნინო უძილაურის პოეზიას. თავად პოეტი კი ამბობს, რომ პოეზია მისი სულის საზრდოა. 51 წლის ქალბატონმა უკვე ორი კრებული გამოსცა და მწერალთა სახლში მისი პოეზიის საღამოც შედგა. ძნელია ნინო უძილაურის ლექსებმა გულგრილი დაგტოვოს. ის ქალური ემოციურობითა და სიფაქიზით წერს სიყვარულზე.სიყვარულისთვის გავჩნდი და ზღვა სიყვარულად ვიქეც“, - ამბობს ნინო ერთ-ერთ ლექსში.

პოეტი დრონი.ჯი-სთან თავის წარმოშობაზე, პოეზიის მიმართ სიყვარულზე და მის ლექსებზე საუბრობს.

დავიბადე 1967 წლის 27 აპრილს . ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სამშობლოში. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, სადაც გავიცანი ჩემ მომავალი მეუღლე მერაბ კაჭახიძე და შევქმენით ოჯახი, გვყავს სამი შვილი.

წარმოშობით ვაჟა ფშაველას მოდგმის ვარ, ფშაველი, ამიტომ ჩემი მეორე კრებული გამოვეცი სახელწოდებით -"მე ფშავლის ქალი". პოეზია ჩემი სული საზრდო იყო ყოველთვის, ვწერდი ბავშვობიდან, მაგრამ არასდროს ფიქრია რომ ვაჟას, ილიას, გალატიონის ქვეყანაში ხმამაღლა გამეცხადებინა ჩემი არსებობა, მაგრამ.... პირველი კრებული მეგობრების და ჩემო ოჯახის დამსახურებაა, მეორე კრებული კი უკვე მე თვითონ გადავწყვიტე, რადგან ისეთმა დიდმა მწერლებმა, როგორიცაა ბატონი რევაზ მიშველაძე, ბაღათერ არაბული, სოსო სიგუა, გზა გამიკვალეს პოეტობის დიდ ასპარეზზე და მადლობა მათ ამისთვის.

დრონი.ჯი ნინო უძილაურის რამდენიმე ლექსს გთავაზობთ:


ვიპრანჭები, გაზაფხულდა

ვიპრანჭები, გაზაფხული მოახლოვდა,

მარტის თვეა, აფეთქდება კვირტი ნუშის,

გაიშლება ათასფერად ჭრელი კაბა,

კაბასავით იშრიალებს გრძნობაც გულში.


ქალი კი ვარ, ქათინაურს გავურბივარ,

გაზაფხულმა აადუღა სისხლი ძარღვში,

ყალბი ფლირტი სულ არ მხიბლავს, ასეთი ვარ,

გაზაფხულად ვერ ვივარგებ უცხო ბაღში.


მერე რა რომ მარტის თვეა, სიგიჟეა,

სამყაროც კი აირია, ვერა ხედავ?

სიყვარული განა ასე ადვილია,

სიყვარულით მეფიქრები იმდენს ბედავ.


გრძნობა კვირტად იბერება, აფეთქდება,

აფეთქდება მარტის თვიდან გაზაფხულიც,

ქალი კი ვარ, ქათინაურს გავურბივარ,

ვერ დავრჩები სხვისი გრძნობით დაზაფრული.


ვიპრანჭები, გაზაფხულდა, მარტის თვეა,

ჭირვეულობს მზე წვიმასთან როგორც ქალი,

გულს ხალისი შეპარვია, თბილი დღეა,

მზის სხივებსაც ეპარებათ ჩემსკენ თვალი.


მე შენით ვსუნთქავ

მარადიულად დავიმკვიდრე მე შენით თავი,

ყველა სიტყვაში ჩავაქსოვე ჩემი არსება,

ცხოვრების გზაზე ბილიკ-ბილიკ შენთან ვიყავი,

ყოველი ბგერა შენს სიტყვაში ჩემს გულს ავსებდა.


აწ თავადა ხარ შენი სულის სრული მესაჭე,

და მე შენს გვერდით მარადიულ არსებობაში,

ჩუმად, მალულად, ჩემი გრძნობა შენი მესანთლე,

და ჩემი გული სიყვარულით კვლავ ფეთქავს შენში.


მშვიდად ვიძინებ მარადიულ სასუფეველში,

ვალი კი არა, სიყვარულით გაგრძელებულხარ,

მე შენით ვსუნთქავ, უსასრულო სამფლობელოში,

ბედნიერებით დავაბიჯებ შენ ჩემთან რომ ხარ.


მე შენში მიყვარს სიყვარული მარადიული

მე შენში მიყვარს სიყვარული მარადიული,

მე შენ მაოცებ ერთგულების ზეაღმატებით,

ნუთუ საწუთრომ მომაკუთვნა ერთგული გული,

ნუთუ სიკვდილიც მომიხიბლავს სიცოცხლის კდემით.


როს სიდიადე სიყვარულის დარაბებს გახსნის,

როცა სამყარო გაბრწყინდება სილამაზისთვის,

მე შენთან მოვალ, უსასრულო ბორკილებს აგხსნი.

და მოგიყვები რომ ლოდინი ღირდა ამისთვის.


გავასუფთავებ შენს გულს ჩემზე ჩუმი დარდისგან,

შემოგაშველებ ალერსიან სიტყვას გრძნობადთქმულს,

დღეს გავათენებ, გავანათებ დილას ავდრიანს,

და სიყვარულის სტრიქონს გეტყვი, ჯერაც არსად თქმულს.


ქალი

ქალი ფერებისთვის შექმნილია,

სითბო - სინაზესთან ერთქმნილია,

მარად სიყვარულად ანთებული,

გულიც სიყვარულის ერთგულია.


ქალი ქმნილებაა ზეციურის,

დედა, მეუღლეა სიყვარულით,

მის გულს მხოლოდ ისევ მას მიუძღვნის.

ვისაც შეუყვარდა მხოლოდ გულით.


ქალი ყვავილია, მინდვრად მყოფი,

ვარდთა სურნელია მზესთან ყოფნით,

ვარსკვლავთ სადარია, ცისკარია,

და მზის ნათებაა ამა სოფლის.


ქალი ეკლიანი ყვავილია,

ტრფობა, სიტურფე და ვნება დიდი,

მაინც ალერსისთვის შექმნილია,

თუ არ ეპატრონა ვინმე ფლიდი.


ქალი შვილებისთვის ძუ ვეფხვია,

სალი კლდეა, მარად შეუდრეკი,

დედა სამშობლოსთვის მედგარია,

როცა შვილებს მოძღვრავს როგორც ღმერთი.


ვაჟი - ქალი, ღმერთის ერთქმნილია,

ტრფობა - ალერსისთვის შექმნილია,

გრძნობა -უკვდავება ზექმნილია,

ქალი სიყვარულად ფერფლილია.

კომენტარი