სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ თქვენთვის გაზაფხული ვერაფრით შედგა...

„არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ“... აი ამ შემართებითა თუ მოლოდინით იწყებენ წელიწადის ყველაზე მწვანე სეზონს და ჰგონიათ, რომ გათოვებულ კვირტებს სასწაულების მოხდენა შეუძლიათ... მაგრამ უკვე მერამდენე გაზაფხული შემოვიდა, და „გაზაფხული კი ვერაფრით შედგა“.

ეს „პოსტი“ თითქოს სხვათაშორისია და რაღაცის ახსნას ან გამართლებას შეეცდება, მაგრამ უფრო იმ ადამიანებზეა გათვლილი რომლებიც მოლოდინის რეჟიმში თავის „ნახევარცალს“ ელიან, იმ „ნახევარცალს“, რომელსაც ცხოვრებასთან, სიყვარულთან ნაომარი, წვიმითგარაცხილი უნდა დახვდეს, ან უნდა დაუბრუნდეს...

დამეთანხმებით 21-ე საუკუნე რომანტიკოსების ეპოქას მისტირის და მაინც, ყველაზე მეტად სწორედ ამ ეპოქის ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სასჯელი ამ საუკუნეში სწორედ რომანტიკა, გრძნობა, ემოცია და სიყვარულია. ყველა მეორე ადამიანი ხომ იმას ცდილობს, რომ მუცელში მოფარფატე პეპლებს საჭერით სდიოს, ის 3, 5 თუ 7 დღის სიცოცხლეც კი არ შეარჩინოს და სწრაფად მოკლას ის რაც ამქვეყნად ალბათ ყველაზე მნიშნელოვანია, მაგრამ რატომღაც ამ საუკუნეს ამ მნიშვნელოვანის მიმართ ისეთი ფობია გასჩენია, რომ თვითგანადგურებაზეა გადასული. ნეტა რა დააშავა სიყვარულმა ასეთი, რომ, საკუთარ თავს თვითმკვლელობის განაჩენი გამოუტანა?

მწერალი ამელი ნოტომი ყველაზე დიდ მკვლელებს გვიწოდებს, რადგან, მისი თქმით, ტანჯვის თავიდან ასაცილებლად, იმ ყველაზე დიდი გრძნობის ჩაკვლას ვცდილობთ ჩვენში, რასაც სიყვარული ჰქვია და ვერაფრით გვპატიობს თვითგანადგურებას.

იმასაც ამბობენ, ვისაც ტანჯვა არ უგემია ის ვერასოდეს გაიგებს ნამდვილი სიყვარულის გემოსო. ალბათ ეს ის თემაა, სადაც თეორიული მოსაზრებები პრაქტიკულს არ ემორჩილება, ან სულაც, საერთოდაც გაურბის მას.

მოკლედ გაზაფხულდაო, შენ კი ისევ ზამთარივით ცივი ზიხარ, ზიხარ და იმას ფიქრობ, რატომ არ გამომდის „სიყვარულობანაო“. იმ შენი ადამიანის სულსწრაფობის მოლოდინში, „შენი ადამიანი“ სულ სხვებში გეშლება და უფრო და უფრო ცარიელდები. უფრო და უფრო გგონია, რომ ის არასოდეს მოვა, თუმცა მაინც ყოველდღე ელოდები. ელოდები და ბუზღუნებ, რომ ბევრს წაეჩხუბები იმის გამო, რომ აგვიანებს, ვერ აპატიებ მის გარეშე დაღვრილ ცრემლებს, ბევრს „დაასაყვედურებ“, მერე კი მაგრად ჩაეხუტები და არასოდეს გაუშვებ.

აი ასე ფიქრობთ თქვენ ადამიანები. თქვენ რომლებიც ცხოვრების გაზაფხულს ელოდებით და გგონიათ, რომ ეს გაზაფხული გადაგარჩენთ სიყვარულისაგან გაგიჟებას, მაგრამ პრინციპში „გგონიათ“ რატომ? ოდესმე ხომ ყველას კარზე დგება გაზაფხული...

ამიტომ ყველა მოლოდინის რეჟიმში მყოფ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ერთ დღეს თქვენ აუცილებალდ იტყვით, რომ ლოდინი ამად ნამდვილად ღირდაო. უბრალოდ მოთმინებით უნდა დაველოდოთ ამ წუთებს და დამერწმუნეთ, რომ, როცა ეს მოხდება. ზამთრის ცივ და ცარიელ დღეებშიც კი თქვენი გაზაფხული კვირტებს გაშლის, მერცხლებიც მოფრინდებიან, და ცხოვრებაც ფერებში დაგვენახება, მანამდე კი თუ ეს ნაცრისფერი სამყარო არ გსიამოვნებთ შეგიძლიათ ფერადი სათვალე მოირგოთ და ასე დაელოდოთ თქვენი ცხოვრების მთავარ მოვლენას.

თუმცა არსებობს მეორე გზაც, თქვენ შეგიძლიათ თავად გახდეთ გაზაფხული, ნუ დაელოდებით მის მოსვლას, ზარს, უცაბედ შეხვედრას... იქნებ ისიც თქვენსავით ან თქვენზე მეტადაც კი ელის გულში ყვავილების გაფურჩქვნასა და მუცელში პეპლების დახოცვა აღარ უნდა. ნუ დაელოდებით, იმოქმედეთ. თუ თქვენთან ჯერ კიდევ არ გამოგაზაფხულებულა, ადექით და მიიყვანეთ გაზაფხული მასთან ვინც მას ელის და ერთად შეხვდით ზაფხულს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100