ბორის ბერეზოვსკი: ვალოდია, გირჩევ, წადი და წაიღე ყველაფერი, რის წაღებასაც შეძლებ

ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, რომელმაც გუშინ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ღია წერილი მისწერა და ვლადიმერ პუტინისთვის ხელისუფლების ჩამორთმევა ურჩია, დღეს უკვე ღია წერილი თავად რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს მისწერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

წერილში ბორის ბერეზოვსკი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, "ნებისმიერი პირობით წავიდეს, მანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია".

"გაძლევ მეგობრულ რჩევას. ვალოდია, ჯერ კიდევ შენს ხელშია სისხლიანი რევოლუციის თავიდან აცილება, რუსული სახელმწიფოს რღვევის შეჩერება, მაშინ, როდესაც სახელმწიფო და ხალხი საბოლოოდ დაკარგავენ კავშირს ერთმანეთთან", - წერს ბერეზოვსკი.

"ახლა შენ წასვლა ნებისმიერი პირობით შეგიძლია წახვიდე. წაიღე თან იმდენი - რამდენის წაღებასაც შეძლებ. წაიღე შენთვის იმდენი დიდება, რამდენიც რუსეთს მოუტანე, წაიღე იმდენი ფული, რამდენადაც გიღირს და აფასებ შენს შრომას, წაიღე შენთვის იმდენი გარანტია რამდენიც მიიჩნიო, რომ შენთვის საკმარისი იქნება", - წერს ბიზნესმენი.

ბერეზოვსკი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილება რევოლუციის გარეშე შეუძლებელია და აქედანვე პასუხისმგებლობას აკისრებს მას მოვლენების ნებისმიერი სისხლიანი სცენარით განვითარების შემთხვევაში. ამასთან, რუსული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბერეზოვსკი ვლადიმერ პუტინს ხაზგასმული "შენობით" ელაპარაკება.

"შენ, როგორც ტიპური დიქტატორი, არ ხარ მზად, ხელისუფლება არჩევნებით გადააბარო სხვას, მაგრამ ისტორია გამონაკლისებსაც იცნობს. ავტორიტარული ხელისუფლება ყოველთვის საშიშია, ვინაიდან სისხლიან რევოლუციას უქადის ყველას, მაგრამ რევოლუციის სისხლი ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და არა რევოლუციონერების", - წერს ბორის ბერეზოვსკი.

"ვალოდია, შენ ორ ცეცხლს შუა ხარ. ერთნი - უნდა აჯანყდნენ, მეორეებმა - საკუთარი ტყავი უნდა გადაარჩინონ - ყველაფერზე პასუხისგება კი შენ მოგიწევს", - წერს ბორის ბერეზოვსკი და აღნიშნავს, რომ პუტინმა "ხაფანგში საკუთარი თავი თავად მოიქცია", ამიტომაც მას ამჟამად ღმერთის გარდა არავისი იმედი არ აქვს.

"მხოლოდ რუსეთის მართლდადიდებლური ეკლესია შეიძლება გახდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისა და შენი პირადი უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ ეკლესია თუ გადაარჩენს რუსეთს შენგან და შენ რუსეთისგან. მოხსენი შენი კანდიდატურა, გააუქმე არჩევნები, სთხოვე პატრიარქს ეროვნული გადარჩენის კომიტეტი მოუწვიოს. დაე, ამ კომიტეტში იყო შენ, შენი პარტნიორები, შენი მოწინააღმდეგეები და მთავარია ისინი, ვისთვისაც არსებობს რუსეთის ინტერესები. ერთად მოამზადეთ თავისუფალი არჩევნები. არჩევნები, რომლებზედაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური პალიტრა - გრიზლოვიდან შოიგუმდე და ლიმონოვამდე, ნავალნიმდე, ნემცოვალდე და უდალცოვამდე. ჟირინოვსკიდან და ზიუგანოვიდან ხოდორკოვსკიმდე და ლებედევამდე. არჩევანი, რომელსაც მიიღებს საზოგადოება", - წერს ბორის ბერეზოვსკი.

კომენტარი