სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გვჭირდება პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა აქციაზე "მთავარი არხის" ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა წაიკითხა:

"ჩემო უძვირფასესო, თავისუფალო თანამოქალაქენო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ერთმანეთს გვერდით დაუდექით ვისაც თავის დროზე ვაწყენინე, ვისაც დავეხმარე, ვინც მეთანხმება და ვისთვისაც მიუღებელია ჩემი იდეები ან საერთოდ ნაკლებად ინტერესდება ამით. ჩვენ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ცალკე აღებულ სიცოცხლეზე არ ვსაუბრობთ, რომელიც აქ დაბრუნებით პრაქტიკულად გადავდე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ პროკურატურაზე, თავისუფალ მედიაზე და ზოგადად, ძალადობისგან თავისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს 5 შეთავაზება, არა მხოლოდ შეთავსებადია ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან და ეკონომიკის განვითარებასთან, არამედ ხელს უწყობს მათ.

როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს: ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე და არჩევნებამდე მისვლაზე.

აქვე მინდა გავიმეორო, რომ არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ კოალიციურ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს. ეს არის და ეს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა. მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში.

დღეს ბევრი ძალიან ნიჭიერი, გენიალური ადამიანი შეიკრიბა ორბელიანების სასახლესთან. თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეგიერთდებათ, იმიტომ, რომ თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული, ღირსება და სიამაყე. თქვენ აუცილებლად მტრის მიერ ჩართული ქართველი ერის და მისი სახელმწიფოს საქმეებში აუცილებლად გაიმარჯვებთ. ვფიქრობ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ.

წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100