საშინელი ავარია ზემო ფონიჭალაში: 3 გარდაცვლილი, 15 დაშავებული

ბოლო განახლება: 19.12.2011; 15.50 სთ;

ბოლო მონაცემებით, სხვადასხვა კლინიკაში, ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების გამო კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ ხუთამდე მიაღწია.

გვიან ღამით საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემო ფონიჭალაში, რუსთავი-მარნეულის გზაგასაყართან, სადაც ერთმანეთს შეშით დატვირთული ავტომანქანა და სამგზავრო, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ორი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი, შემთხვევის ადგილზე, ხოლო ერთი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.

ავარიის ადგილზე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში 10 სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობდა, რომელმაც 15 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთაგან მხოლოდ ერთი გაწერეს. ამ დრომდე მძიმე რჩება სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც თავის ქალის დახურული ტრავმები აქვთ მიღებული.

შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა არც სატვირთო ავტომანქანისა და არც სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარი