სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 წლის ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა... – საზარელი ფაქტი მარნეულიდან

მსოფლიოში ცნობილია ფემიციდის არაერთი შემთხვევა, თუმცა ამასთან შედარებით ნაკლებად საუბრობენ ჰომოციდზე (ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის მკვლელობა – ქალის მიერ მამაკაცის მკვლელობა). თუმცა, ის მაინც ხდება და მათ შორის – საქართველოშიც.

“პრაიმტაიმი” ჰომოციდის მძიმე ისტორიაზე წერს, რომელიც მარნეულში 5 წლის წინ მოხდა. ცოლმა ქმარი მოკლა, წყვილს 3 შვილი ჰყავდა… ამ საზარელი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის არქივს აქვს დაცული…

სამი შვილის დედამ მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდში ქმარი ნაჯახით მოკლა. მოტივი უცნობია. 2016 წლის 26 დეკემბერს, სოფელ თაზაქენდში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ.-ში, 23 წლის თურქან კარიმოვამ 33 წლის ქმარი, რუსლან კარიმოვი ნაჯახით მოკლა.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-თვის მიცემულ ინტერვიუებში, კარიმოვამ განაცხადა, რომ მკვლელობა თავისი და თავისი შვილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩაიდინა.

მეზობლებმა ამ ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავეს, მაგრამ ზოგად კომენტარებში აღნიშნეს, რომ ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ არაფერი იცოდნენ. იმ მეზობლებმა, რომლებმაც საკუთარი აზრი მაინც დააფიქსირეს, ასევე დასძინეს, რომ შეძრწუნებულები არიან მომხდარით და მსგავს ქმედებას თურქანისგან არასდროს ელოდნენ.

მსხვერპლის დედამ, სვეტა კარიმოვამ ოჯახში არსებულ ურთიერთობებზე ილაპარაკა და გაიხსენა ისიც, თუ რა ნახა მკვლელობის დღეს. როგორც სვეტა კარიმოვა იხსენებს, ცოლ-ქმართან ერთად თვითონაც 7 წელიწადს ცხოვრობდა. მისი რძალი ამ ხნის განმავლობაში მუდამ წყნარი ადამიანი ჩანდა, არსდროს იქცეოდა ცუდად და არც არაფერზე წუწუნებდა.

„ცოტა უცნაური გოგონა კი იყო, მაგრამ ამას მის ხასიათს მივაწერდი და იმასაც აღნიშნავს, რომ რძალს მის ვაჟთან პრობლემა არასდროს ჰქონია. პრობლემა რომ ჰქონოდა, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა. თუმცა, სვეტას ახსოვს ერთი უცნაური დეტალი: „თურქანი ძალიან ბევრ მაგარ შავ ჩაის სვამდა. თვალის უპეები სულ ჩაშავებული ჰქონდა. ხშირად მთხოვდა „შავ შოკოლადს“ – ასე მორფინს ეძახიან, არა?“ – ამბობს სვეტა.

წყვილი ერთმანეთს ენათესავებოდა.

ქმარი ცოლს ბიძაშვილად ერგებოდა მამის მხრიდან. მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ, მაგრამ ეზოს იყოფდნენ დედამთილთან ერთად, რომელიც იქვე, თავის სახლში ცხოვრობდა. ქმარი პერიოდულად რუსეთში დადიოდა შემოსავლის მისაღებად. ის სახლების რემონტზე მუშაობდა. ბოლოს, როცა რუსეთში წავიდა, იქ შვიდ თვეს დარჩა. შინ დაბრუნებიდან ათი დღის შემდეგ კი ცოლმა მოკლა.

სვეტას თქმით, ჩვეულებრივი საღამო იყო. მაგიდის გარშემო ისხდნენ და სახლის საქმეებზე მსჯელობდნენ, ფიქრობდნენ ერთ-ერთი მათი სახლის რემონტის დაწყებაზე.

წყვილს სამი შვილი ჰყავდა, 6 წლის გოგონა და ორი ვაჟი – 4 და 2 წლის ბიჭები. მამის მკვლელობას ორი ბავშვი შეესწრო.

ერთ-ერთი მათგანი იმდენად ახლოს იდგა, რომ მამის სისხლი შეეშხეფა. სულ პატარა ბავშვი საბნის ქვეშ დაიმალა და შეშინებული ტუჩებს იკვნეტდა. ბავშვმა ერთადერთი რამ თქვა: „დედამ მამა სცემა“.

როცა ქმარი მოკლა, თურქანი დეიდამისის, ინდირას სახლისკენ გაიქცა. დეიდა იხსენებს, რომ თურქანი თავზარდაცემული ჩანდა, შოკირებული იყო და ხმას ვერ იღებდა.

„სხვა გზა არ ჰქონდა, ჩვენს სახლში უნდა გამოქცეულიყო, საწყალი გოგო. ჩემმა ქმარმა დამამშვიდებლები უყიდა, პოლიცია მოვიდა მერე და წაიყვანეს. მას შემდეგ თურქანთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა“.- აღნიშნა დეიდამ.

მსხვერპლის ოჯახი ყველაფერს თურქანის მშობლებს აბრალებს. დედისა და ბიძაშვილის თქმით, თურქანის ოჯახს ფულისა და მათი სახლის ინტერესი ჰქონდა. გარდაცვლილის დედა აღიარებს, რომ ოჯახებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო.

რა ბედი ეწევათ შვილებს?

ნათესავებმა შენიშნეს, რომ უფროსი ბავშვი იშვიათად დადის საბავშვო ბაღში. სამივე ბავშვი დღეს ბებიის, გარდაცვლილი მამის დედის სახლში ცხოვრობს. იურისტი თამარა გურჩიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვებზე იზრუნოს და ისინი დაიცვას 18 წლამდე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 5 აპრილს ორ ოჯახს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, მსხვერპლის ოჯახის წევრებს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არც მისცეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თურქან კარიმოვას 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

როგორც რუსთავის სასამართლოს პროკურორი იან მამულაშვილი აცხადებს, საქმეში შემავალი ყველა ტიპის ინფორმაცია დახურულია მოწმეთა დაცვის მიზნით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100