ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves აღარ გაიმართება

ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves აღარ გაიმართება, – ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს და განმარტეს, რომ ფესტივალი 2022 წლამდე გადაიდო.

“დიდი სურვილისა და შემართების მიუხედავად, წელს ანაკლიაში შეგხვედროდით, სამწუხაროდ, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდ ვითარება ამის საშუალებას არ გვიტოვებს. Echowaves-ის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი 2021 წლის 19-22 აგვისტოს აღარ ჩატარდება.

Echowaves 2022 წლისათვის გადაიდო.

ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი.

რაც შეეხებათ მულტიპასის მფლობელებს: თითოეულ თქვენგანს შეუძლია ბილეთი შეინახოს. მულტიპასის გამოყენებას 2022 წლის ფესტივალზე დასასწრებად შეძლებთ.

შესაძლებელია ბილეთის ღირებულების დაბრუნება. თანხის მისაღებად გადადით www.tkt.ge-ს მიერ მულტიპასის შეძენის დროს მეილსა და მობილურის ნომერზე გადმოგზავნილ ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას. ბილეთის ფასის დაბრუნების მსურველებისათვის ლინკი 21 ივნისიდან 21 ივლისამდე იმუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ თარიღებში თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას არ განახორციელებთ, მულტიპასი აქტიური იქნება ფესტივალი ახალი თარიღებისთვის, თანხის დაბრუნებას კი ზემოთმოცემული პერიოდის გასვლის შემდეგ ვეღარ მოახერხებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

Echowaves ანაკლიაში 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება.

კომენტარი