აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ხუთსულიანი ოჯახი აირით გაგუდვას გადაურჩა

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ქუხილავების ხუთსულიანი ოჯახი მხუთავი აირით გაგუდვას სასწაულებრივად გადაურჩა. როგორც გაირკვა, სახლში მთელი ღამის განმავლობაში აირი ჟონავდა. სავარაუდოდ, გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა, რომელიც ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჩართული დარჩა. დილით ოჯახის უფროსმა, მამუკა ქუხილავამ სისუსტე იგრძნო და სასწრაფო თავად გამოიძახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ოჯახის სხვა წევრებიც შეუძლოდ გახდნენ. იქედან გამომდინარე, რომ სოფელი შამგონა ზუგდიდიდან 14 კმ-ითაა დაშორებული, მედიკოსებს მოსვლა შეაგვიანდათ და ოჯახის წევრებს, მათ შორის ორ ბავშვს, პირველი სამედიცინო დახმარება თვითონ მამუკა ქუხილავამ ჩაუტარა. მომხდართან დაკავშირებით ქუხილავების ოჯახში მეზობლებიც იყვნენ შეკრებილნი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები ჯერ ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახელობის კლინიკაში, შემდეგ კი კატასტროფის ცენტრის ტრანპორტირებით - დედაქალაქში გადაიყვანა. მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე იყო, ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები კი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს.

ამჟამად დაზარალებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავს უკვე კარგად გრძნობს ბავშვიც, რომელიც უკვე გადაიყვანეს რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიიის პალატაში.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ზამთრის სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად, მსგავს შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა და თითქმის ყოველდღე იზრდება. მხუთავი აირის დაგროვებისა და გაჟონვის მიზეზი, უმეტესწილად, არაპროფესიულად დამონტაჟებული გამათბობლები ან მოსახლეობის უყურადღებობაა.

კომენტარი