ამირან გამყრელიძე: ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ

საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.

„ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ჯობს, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან. რაც მთავარი თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარი