სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეორე ტალღას მსუბუქად გადავიტანთ. ერთი-იმის გამო, რომ ჩვენ ვართ მზად და მეორე-ამ პერიოდში ვაქცინაც შეიქმნება“

რამდენიმე ფაქტორის გამო, კორონავირუსის მეორე ტალღა ბევრად უფროს მსუბუქი იქნება, ვიდრე - პირველი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც პირველი ტალღა დაიწყო, ჩვენ არ ვიცოდით ეს რა იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამისთვის მზად არავინ იყო. ბოლომდე არ ვიცოდით, როგორ უნდა გვებრძოლა ამ ვირუსთან. ზოგადად, მთელ საზოგადოებას არ გვქონდა ჩვევები, როგორ უნდა გვეცხოვრა. ახლა, როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე - თითოეული ჩვენგანი მეტნაკლებად მზად ვართ, ვიცით როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, როგორ დავიცვათ დისტანცია. ამასობაში შეიქმნება ეფექტური მედიკამენტები, წამოგვეწევა ვაქცინა... ამიტომ მეორე ტალღა რომც იყოს, ჩვენ, მთელი საზოგადოება და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო მომზადებული შევხვდებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეორე ტალღას მსუბუქად გადავიტანთ. ერთი - იმის გამო, რომ ჩვენ ვართ მზად და მეორე - ამ პერიოდში ვაქცინაც შეიქმნება“ - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა, 23 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100