კლინიკაში მოათავსეს კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი, რომელიც ცოლ-ქმრის წინა კლასტერთან არის კავშირში და მარნეულში მცხოვრები ოჯახის 4 წევრი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მოათავსეს ცოლ-ქმარი, რომელიც „ცოლ-ქმრის წინა კლასტერთან არის კავშირში“.

ამასთან, მედიკოსის განმარტებით, აღნიშნული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა.

„ამჟამად გვყავს 53 პაციენტი, აქედან 12 კორონავირუსით დაინფიცირებული. დაგვემატა ცოლ-ქმარი, რომელიც კავშირშია რამდენიმე დღის წინ შემოსული ცოლ-ქმრის კლასტერთან. ეს ორი საკმაოდ საყურადღებო, მძიმე პაციენტია და კიდევ ოთხი დაინფიცირებული გადმოვიდა მარნეულიდან, ერთი ოჯახის წევრები. ყველაზე დიდი ასაკი 55 წელია, დანარჩენი 25, 18, 16“,-განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტურძელაძემ განმარტა, რომ მათ სიცხე და ფილტვების ანთება აქვთ. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„უფრო კონკრეტულად, სიცხიანობენ, ფილტვების ანთება აქვთ, მაგრამ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ძალიან მძიმე პაციენტები არ არიან. უფრო საყურადღებო გახდა 80 წლის ქალბატონი, რომელიც მანამდე ჩვენთან მკურნალობდა, მას მაღალი ტემპერატურა აქვს. ინტენსიური მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდება ყველას, ვინც კორინავირუსით წევს. ერთი დღე უკეთესად არიან, შემდეგ მდგომარეობა ისევ რთულდება. დინამიკა საკმაოდ დატვირთულია“, - განმარტა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. აქედან 10 გამოჯანმრთელდა.

კომენტარი