"სერგო, შენ ნებისმიერ დროს ესვრი ილიას...რას გიზამ იცი?! დაგამთავრებ" - ირაკლი კობახიძე რატიანს

"სერგო, შენ ნებისმიერ დროს ესვრი ილიას", — ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საქართველოს დეპუტატს, სერგო რატიანს.


პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო სისტემით ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც ევროპული საქართველო პარლამენტში ვერ უნდა მოხვდნენ. თავისი გამოსვლის რამდენიმე წუთი კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას დაუთმო. მან, ასევე, განაცხადა რომ ნაციონალურ მოძრაობას გიგლა ბერბიჭაშვილის სინდრომი აქვს.


"კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები... ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუქზე. ათასობით ადამიანია ჩართული ბერბიჭაშვილის საქმეში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კობახიძეს სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მან ტრიბუნაზე ხელიც დაარტყა და რატიანს უთხრა:


"რას გიზამ იცი, სერგო?! დაგამთავრებ".

პროპორციულ წესზე გადასვლას პარლამენტმა კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს არ უყარა. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა, სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულა. კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. განხილვა უკვე მიმდინარეობს. მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, სადაც ეს საკითხი განიხილეს.



კომენტარი