"კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ, სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება!" - "ტვ პირველის" დამფუძნებლის საგანგებო განცხადება

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.
P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა" - წერს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი დღეს, 22 აგვისტოს დაიბარეს. მოგვიანებით კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე მიმართავენ.

TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა იმ კომპანიებზე გასცა 17 მილიონ დოლარამდე სესხი, რომელმაც თიბისის დამფუძნებელებს მამუკა ხაზარაძესა და ავთო ჯაფარიძეს იგივე თანხა ასესხა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვახტანგ წერეთელი შპს სამგორი თრეიდის 50%-იანი წილის მფლობელი, ხოლო შპს სამგორი M-ში 20%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია სესხის აღებამდე დაახლოებით 2 წლით ადრე დაფუძნდა.


კომენტარი