მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ჯამური ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება

„თიბისი კვლევების“ ივნისის თვის მაკრო ეკონომიკური მიმოხილვისა მიხედვით, გლობალური ზრდის პროგნოზები შემცირდა. ამასთან, აშშ დოლარი შედარებით დასუსტდა და ასევე გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების მიმზიდველობა.

მაისის თვეში ეკონომიკის ზრდამ საქართველოში 4.7% შეადგინა. მაშინ, როდესაც ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების გამო, ექსპორტი და სამშენებლო სექტორები სუსტი იყო, ტურიზმისა და გზავნილების ზრდის ტემპი მაღალი იყო. ასევე ძლიერი იყო ფისკალური სტიმული და შეინიშნებოდა საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპის დასტაბილურება. ძლიერი ფისკალური სტიმულის მიუხედავად, საგარო ბალანსი უმჯობესდებოდა.

ბოლო პერიოდში არსებული შემცირების დინამიკის შემდეგ, ივნისში თურქეთიდან ვიზიტორების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. აღნიშნული, სხვა წყაროებიდან მზარდ ნაკადებთან ერთად, ამყარებს პროგნოზს რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისამდე, როდესაც ტურისტების მატება რუსეთის გადამწყვეტი წვლილის გამო 18%-მდე გაიზარდა, ტურიზმის ზრდის ტემპი საკმაოდ ზომიერი იყო.

ლარის გაცვლითი კურსი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლებისა და ღვინის ექსპორტის ნაწილის შეზღუდვების გაჟღერებამდეც, არაერთი შეფასებით გაუფასურებული იყო. საბაზო სცენარით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი წმინდა დანაკარგი შემოდინებებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში არ არის ის თანხა, რაც საგარეო დისბალანსს გამოიწვევს. საგარეო ბალანსი მაინც დადებითი, თუმცა უფრო ზომიერი იქნება. ამასთან, ლარის არსებული რეალური ეფექტური კურსის პირობებში, მნიშვნელოვნად იზრდება ინფლაციის რისკები. არსებული შეფასებებით, ევრო/დოლარის, დოლარის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი რეგიონული ვალუტებისა და სასაქონლო ფასების სტაბილურობის პირობებში, 5%-მდე ინფლაციის მისაღწევად დოლარი ლარის გაცვლითი კურსი 2.7-ზე რამდენადმე მყარი უნდა იყოს.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში 4%-იანი ზრდა რეალისტური დაშვებაა. აღნიშნული, 2019 და 2020 წლებისათვის 4%-ზე მცირედით მეტ ზრდას გულისხმობს.


იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების ყოველთვიურ მიმოხილვაში, რომელიც გამოქვეყნდება საიტზე www.tbcresearch.ge.

თუ გსურთ, „თიბისი კვლევების“ პუბლიკაციების მიღება, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელექტრონული მისამართი „subscribe“ უჯრაში ამავე საიტზე.

კომენტარი