სოხუმში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

სოხუმში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. როგორც "კავკაზსკი უზელი" იუწყება, კოღონიას ქუჩაზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილი გუშინ აფეთქდა .

დე-ფაქტო სამართალდამცველი ორგანოების მონაცემებით, 12:30 საათზე მომხდარი აფეთქება 500 გრამი ტროტილის სიმძლავრის იყო. დარტყმის ტალღამ ახლომდებარე სახლების შუშები ჩაამტვრია. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი საგანგებო სიტუაციების დე-ფაქტო სამსახურის ბრიგადამ ჩააქრო. ავტომობილის მფლობელის ვინაობა ამჟამად დგინდება.
ეს სოხუმში, ბოლო კვირაში, უკვე მეორე აფეთქებაა. 21 სექტემბერს ავტომობილის აფეთქების შედეგად არსენ ბჟიკშიევი დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე დაშავდა. სოხუმში აფეთქება 6 სექტემბრის დილასაც მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

კომენტარი