"გაძლევთ შესაძლებლობას, საჯაროდ აგვიხსნათ, სადაა სიმართლე და ვისი პოზიციაა სწორი" - ნიკა გვარამიას მიმართვა

გადაცემა არჩევანი განათლების თემას მიეძღვნება.


ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაწერა.


მან დებატებში, განათლების სამინისტროს წარმომადგენლის პარალელურად, გიგა ზედანია და ილია უნის ბიზნეს სკოლის აწ უკვე ყოფილი დეკანი, გიორგი ქადაგიძე მოიწვია, რადგან მისი თქმით, "შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ილიაუნის ბიზნეს-სკოლის საკითხს".


მოწვევაზე თანხმობა უკვე განაცხადა გიორგი ქადაგიძემ, რომელმაც ილია უნის ბიზნეს-სკოლა სხვა სიბრტყეზე აიყვანა, თუმცა, იქიდან წამოსვლა მაინც მოუწია.


"ხვალ, გადაცემა არჩევანი მიეძღვნება განათლებას. საინტერესო სტუმრებთან ერთად, Giorgi Gabunia განიხილავს ეროვნული გამოცდების და განათლების სფეროში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან თემებს.


იმედია, განათლების სამინისტროდან ვინმე რელევანტური თანამდებობის პირიც დაგვდებს პატივს და აგვიხსნის, რას შვრებიან.


თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის საკითხს.


ღიად და საჯაროდ, დებატებზე გიწვევთ ორივე მხარეს Giga Zedania Giorgi Kadagidze.


შესაძლებლად არ განვიხილავთ თქვენი “შემცვლელების” თუ პოზიციის გამომხატველების გამოგზავნას.


ან მოდიხართ პირადად, ან დებატებზე უარს ამბობთ. გაძლევთ შესაძლებლობას, საჯაროდ აგვიხსნათ, რა ხდება, სადაა სიმართლე და ვისი პოზიციაა სწორი.


დებატებზე არ მოსვლა უკიდურესად უცნაური იქნება და საკითხის საჯაროდ განხილვაზე უარად განიხილება.


თუმცა, არ მოსვლაც პასუხია და თუ რა პასუხი, მაყურებელი გადაწყვეტს.


ერთერთი მხარის არ მოსვლის შემთხვევაში, მოსულ მხარეს დაეთმობა დრო საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.


მეორე მხარის პრეტენზია ცალმხრივობაზე, ცხადია, აღარ მიიღება.


გმადლობთ ყურადღებისათვის და გელოდებით ხვალ, რ2ზე, არჩევანში, 22:00.", - წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


ნიკა გვარამიამ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინაც, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

კომენტარი