"მამაჩემს უბრძოლია, „ვაი დედა“ ესღა მოასწრო და გათავდა. 34 წლის იყო, ამ დღეს ჩემი დის დაბადებისდღე იყო" - მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!

ბლოგერ გიორგი ლიპარიშვილის ემოციური პოსტი - მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!

"90-იანები ახალი დამთავრებული იყო. ქვეყანაში ისე ბნელოდა თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ალაგ-ალაგ, დროდადრო, ისმოდა სიხარულის შეძახილები, რომელიც შუქის მოსვლას ახლდა და ყველა დღესასწაულს უტოლდებოდა (ზოგს ჯობნიდა კიდევაც).

მამაჩემისაქენერგოში“, ელქსელებში, ენერგეტიკის სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა. ბაბუაჩემიც.
ხშირად, სახლში სხვადასხვა უბნიდან ბრბო მოგვივარდებოდა: - შუქი რატო არ გვაქვსო?!
თითქოს გამონაგონ მე-9 ბლოკს, ჩემი ოჯახი ბლოკავდა. ბრბოს აბობოქრება ზოგჯერ ჩხუბითაც კი მთავრდებდა. ქვეყანაში პურიც ჭირდა და სამართალიც...

მამაჩემი მიდგა-მოდგა და ამ უსინათლო სამსახურს თავი დაანება. ბევრი იმუშავა თუ ცოტა იმუშავა, მაინც იქ დაბრუნდა, სადაც ბოლოს, სიცოცხლეც დატოვა...

ბიზნესბიძებმა თავისი ნაყიდი ტერიტორის კაბელებისაგან გათავისუფლება გადაწყვიტეს. ეს ამბავი უფასოდ ელქსელებს დაევალა. 7 კაციან ბრიგადაში 1 მამაჩემი იყო.
მთასავით კაცი, რომელსაც დედაჩემის სიზმრებზე სულ ბავშვური გულწრფელობით იღიმოდა. იმ დღეს სიზმარს შეუშინებია. ქუჩაში შემხვედრისთვისაც კი უკითხავს სიზმრის ახსნა თუ იციო. დაუცინია იმ კაიოჯახიშვილს.

ტანი უგრძნობდა“. კოლეგამ უთხრა ბოძზე ამხელა ტანით არ ახვიდე, ქვემოთ იმუშავეო. ქვემოთ კი უკანონოდ გაყვანილი, ბნელი ქვეყნის ნათელი კაბელი მიიკლაკნებოდა...

მამაჩემს უბრძოლია. „ვაი დედაესღა მოასწრო და გათავდა. სიცოცხლე გათავდა, წუთისოფელი... 34 წლის იყო, ახლანდელ ჩემზე, 2 წლით დიდი, მხოლოდ 2 წლით.
ამ დღეს ჩემი დის დაბადებისდღე იყო.
მამაჩემს დააგვიანდა, სამუდამოდ დააგვიანდა

წესიერად სიკვდილიც არ აცალეს. ბიზნესბიძები დაფაცურდნენ... პროკური მოიძურწა, აბა ამხელა ვაჟკაცის სხეული ექსპერტიზით როგორ უნდა დაასახიჩროთ უბედური შემთხვევა იყო, აგერ ხელი მოაწერეთ, რომ ჩივილის არ აპირებთო. გრძელი ენებიც გაავლეს, მგონი კაბელს იპარავდა და ამიტომ დაემართა იმ უბედურსო. გაჩუმდით, ხალხი არ ალაპარაკოთო...

ბიზნესბიძებმა გაიმარჯვეს. სამართალი მშიერი დარჩა.
მამაჩემის ხელფასიც კი, რომელიც კანონით გვეკუთვნოდა, რამდენიმე წელიწადში მიტოვებული სახლის ღობესავით მოგვიხსნეს. რა ვქნათ კომპანია გაკოტრდაო, კომპანიას სახელი გამოუცვალეს, კანი იგივე დაუტოვეს. სახელმწიფომ აქაც ჭამა...

სამაგიეროდ, ისეთი ქელეხი გაიმართა 6 ქორწილს დაიტევდა. ახალგაზრდა კაცი იყო, აბა სხვანაირად როგორ შეიძლებაო. ჭამე რამეს პირი დაადგი, არ შეიძლებაო, მიცვალებულს არ მიეკაროთ არ შეიძლება, ინერვიულებთონუ ტირით არ შეიძლება, მიცვალებულის სული ცრემლში დაიხრჩობაო...
აქ საზოგადოებამაც ბლომად ცრურწმენები და ცრუპენტელობები ყარა.

ბებიაჩემი მამაჩემის დარდს მალევე გადაყვა. ცოტა მერე ბაბუაჩემიც. ჩვენ კიდევ ამ დარდის, უსამართლობის და წამებში წართმეული სიცოცხლით, ცოცხლები დავრჩით...

ახლა, როცა 21- საუკუნე უკვე სრულწლოვანია, ახლა როცა შუქი მთელ ქვეყანაში ანთია, ისევ ბნელა...

ადამიანები ისევ იხოცებიან, ბიზნესბიძები ისევ სიცოცხლეებზე ითბობენ ხელს, სახელმწიფო ისევ უსუსურობს, საზოგადოება ისევ ატამივით იხლიჩება...

ვფიქრობ, ნეტავ, ახლა, მამას და სამართალს მაინც დავკარგავდი?!
მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!"

კომენტარი