შს მინისტრი ჟურნალისტებს დღეს, 15.00 საათზე შეხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წარმომადგენლებს დღეს, 15.00 საათზე შეხვდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ აცნობა.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს. ქორიძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ განცხადებაშია დაფიქსირებული. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ჯერ არ არის გარკვეული რამდენად საჯარო იქნება ეს შეხვედრა და რამდენად იქნება დიალოგის რეჟიმი.
"მინისტრი იმ ჯგუფს შეხვდება, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ. შეხვედრაზე მსჯელობა იქნება იმ საკითხებზე, რაც განცხადებაში იყო. კერძოდ გრიფის მოხსნაზე, ადვოკატების დუმილის ვალდებულების მოხსნაზე, კომისიისთვის მასალების გაცნობაზე. კომისია ჯერ არ არის შექმნილი და მისი შექმნის საკითხი ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
შორენა შავერდაშვილმა კი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ზვიად ქორიძე, ია ანთაძე, ლაშა ტუღუში, თამარ კორძაია, ნინო ზურიაშვილი, ნინო დანელია და თავად შორენა შავერდაშვილი.
11 ივლისს შსს-სთან "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ინიციატივით ჟურნალიტების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ვანო მერაბიშვილის სახელზე ჟურნალისტების ხელმოწერით მიმართვა მოამზადეს, სადაც 4 მოთხოვნაა დაყენებული.
ჟურნალისტები ითხოვენ: ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ და საჯაროდ შეხვდეს ქარტიის საბჭოს წარმომადგენლებს; ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას; ადვოკატებს აღარ ჰქონდეთ დუმილის ვალდებულება; საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცეს საზოგადოებრივ კომისიას, რომელიც შეიქმნება შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხის შემდეგ.

კომენტარი