"შეკრებებისა და მანიფესტაციების" კანონში აქციის დაიყოვნებლივ დაშლის შესაძლებლობაც ჩნდება

"შეკრებებისა და მანიფესტაციების" კანონში გაწერილი ნორმების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში აქციის შეწყვეტა სავალდებულო ხდება.

აღნიშნულს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

კერძოდ, აქციის დაუყოვნებლივ დაშლის მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, "თუ შეკრებასა ან მანიფესტაციაზე მოხდება მოწოდება საქართველოში კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ასევე ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება".

კანონპროექტის თანახმად, მოთხოვნათა მასობრივი დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე.

შეკრების ან მანიფესტაციის არ შეწყვეტის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და კახაბერ ანჯაფარიძე არიან.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტი კენჭს 21 ივნისს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრის.

კომენტარი