ქართველი ავტომრბოლელები გამარჯვებით დაბრუნდნენ

საქართველოში რალის ევროპისა და საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ქართველ მრბოლელთა ეკიპაჟები სამშობლოში დაბრუნდნენ. ტურნირის შედეგებს მრბოლელები მასმედიას 13 ივნისს, 11.00 საათზე, სპორტულ კაფე "WRC"-ში (ლესელიძის 18) პრესკონფერენციაზე გააცნობენ.

საავტომობილო ფედერაციის ინფორმაციით, უკრაინაში, ქალაქ იალტაში გამართულ, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული რალის ERC და IRC ტურნირში, ორ ლიტრამდე ძრავებით და წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილთა კლასში (კლასი 8) პირველი ადგილი ქართველმა მრბოლელებმა არჩილ ბიძინაშვილმა და გოგა არჯევანიძემ მოიპოვეს. ოთხი წამყვანი თვლით და ტურბირებული ძრავით აღჭურვილ ავტომობილთა კლასში (კლასი 3) კი მევლუდ მელაძემ და სანდრო ლომაძემ მეხუთე ადგილი დაისაკუთრეს.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის 102 ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომელთაგან 700 კილომეტრიან საფინიშო ხაზამდე მხოლოდ 42 მივიდა.

„რბოლა იალტასთან ახლოს აი-პეტრის მთაზე მიმდინარეობდა. დასაძლევი იყო 700 კილომეტრიანი მონაკვეთი ზღვის სანაპიროდან მთის წვერამდე და უკან. სხვადასვა ქვეყნის ეკიპაჟები ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ მომზადებული ჩამოვიდნენ. მათ თან ახლდათ კარგად მომზადებული ტექნიკური ჯგუფი, საკუთარი კვების ობიექტები. სათადარიგო ნაწილები, ჩვენ კი თან მხოლოდ საქართველოს დროშა გვქონდა წაღებული, ვინაიდან არავითარი დაფინანსება ამ ტურნირში მონაწილეობისათვის არ გაგვაჩნდა. მიუხედავად უამრავი სირთულისა, მაინც მოვახერხეთ ფინიშის ხაზის გადაკვეთა და გამარჯვება"- აცხადებს მევლუდ მელაძე.

ტურნირი ქალაქ იალტაში 2-5 ივნისს გაიმართა. წესების თანახმად, მრბოლელებს უნდა გაევლოთ გზა ზღვის დონიდან მთამდე 2040 მეტრის სიმაღლეზე და უკან. სწორედ ამ გზის დაძლევის შედეგად მოიპოვეს ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიო დონის გამარჯვება.

კომენტარი