ნიკა ჩიტაძე: „სახალხო კრებას" მხარდამჭერები არ ჰყავს, რის გამოც პროვოკაციებზე მიდის

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, ის, რაც გამთენიისას თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციებზე მოხდა, „სახალხო კრების" მიერ მოწყობილი პროვოკაციები იყო.
„კრების გეგმის პირველი ეტაპის მიზანი იყო, რომ თავი მსხვერპლად წარმოეჩინა და ეჩვენებინა, როგორ არბევდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამისთვის წავიდნენ პროვოკაციებზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმის ჩვენებასაც კი, თუ როგორც ებრძვის მათ ხელისუფლება, კრებას საზოგადოების მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერა არ მოჰყოლია", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ნიკა ჩიტაძემ.

მისივე შეფასებით, „სახალხო კრების" მთავარ მიზანს საქართველოში არეულობის შემოტანა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში მისი იმიჯის შელახვა წარმოადგენს.
„რატომ დაიწყო აქციები მაინცდამაინც ბათუმში? იმიტომ რომ ბათუმში ახალი მშენებლობების დაწყება იგეგმება, კონცერტების გამართვას აპირებენ, ტურისტული სეზონი იხსნება და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, 3 მილიონამდე ტურისტს ელოდებიან. კრების მიზანია საქართველოს იმიჯის შელახვა და ჩვენი ქვეყნის არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოჩენა. პროვოკაციებზეც სწორედ იმიტომ მიდიან, რომ უცხოურ მედიაში მოხვდეს კადრები, რომელშიც ხელისუფლება არბევს ოპოზიციის მიტინგს. ამ ყველაფერს რუსული მედიაც უწყობს ხელს და ავრცელებს იმას, რაც თავად აწყობთ, მაგრამ, იქედან გამომდინარე, რომ „სახალხო კრებას" საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ მხარს არ უჭერს, ვფიქრობ, რომ მისი ქმედებები ჩვენს მოქალაქეებში მხოლოდ ნეგატიურ განწყობას იძენს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა.

რაც შეეხება „ქართული პარტიის" საფრანგეთში მცხოვრები ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას, რის შესახებაც თავად ოქრუაშვილმა განაცხადა, ნიკა ჩიტაძე მას „პოლიტიკურ ხრიკად" მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სინამდვილეში სამშობლოში დაბრუნებას არც აპირებს.

„შეიძლება ოქრუაშვილი საერთოდაც არ ფიქრობდეს საქართველოში ჩამოსვლას და მისი განცხადება იყოს პოლიტიკური ხრიკი და საზოგადოების იმ ნაწილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალება, რომელიც აქციებს არ უერთდება. მსგავსი რამ ჩვენ 2009 წელსაც მოგვისმენია", - განმარტა ჩიტაძემ.

კომენტარი