ამაზრზენი ვიდეო Youtube-ზე: მუქარა თუ საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობა?

განახლებულია: 7.09.2011; 11:50 სთ.

იქნებ არც ღირდეს ყურადღების გამახვილება იმ ვიდეოზე, რომელიც „იუთუბზე“ patriarqisjariskacni-თ რეგისტრირებულმა პიროვნებამ სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, მაგრამ რადგან ამ ვიდეომ უკვე დაიპყრო სრულიად ფბ-სივრცე და, სავარაუდოდ, დილიდან უფრო ფართოდ განხილვადი გახდება, კიდევ იმიტომაც, რომ სავარაუდოდ, შესაძლოა, მას ხვალვე მოჰყვეს სასულიერო პირთა განმარტებები - „დრონი.ჯი“ ვიდეოს მაინც გთავაზობთ - არა ტირაჟირების, არამედ იმ მიზნით, რომ თავად გამოიტანოთ დასკვნა:

ეს არის მუქარა, გაუთვითცნობიერებელი და უვიცი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ პატრიარქისთვის გამოცხადებული „თანადგომა“ თუ უგემოვნო კლიპს უკან დამალული ასევე ადამიანთა ჯგუფის მიერ შეგნებულად შემოგდებული მუქარის შემცველი კლიპი, რომელიც მიზნად იმის ჩვენებას ისახავს, რამდენად აგრესიული და შეუწყნარებელია მრევლად წოდებული საზოგადოების ნაწილი ეკლესიის მიმართ გამოთქმული კრიტიკისადმი.

ვიდეოკლიპის დევიზი, რომელიც ავტორმა გამოაქვეყნა, ასე ჟღერს: „ვიბრძოლებთ ბოლომდე!“, ტექსტში კი ასეთ ფრაზებს შეხვდებით:

„ნადირობას ვიწყებთ, ღვთის არმია - ჯვრებით შუაზე გადაგჭრით, შე სატანა!“

„ნაკურთხ წყალში გაყვინთავებთ, სანამ არ დაიხრჩობი...“

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი ვიდეო, რომელიც ამ მასალას ერთვის, "იუთუბზე" გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. როგორც ჩანს, კლიპების შექმნის იდეით აღფრთოვანებული იუზერი შესვენების გამოცხადებას არ აპირებს - დღეს უკვე იმავე იუზერის მიერ ახალი ვიდეო აიტვირთა, დაახლოებით იგივე, თუმცა, უფრო ამაზრზები ტექსტით, სადაც ავტორი ურწმუნოებს საკმევლის ბოლით გაგუდვას ჰპირდება და სახლებში რეიდების დაწყებისკენ მოუწოდებს: "ვისაც ხატი არ ექნება, ავახიოთ სიფათი...".

მეორე ვიდეოკლიპი "იუთუბზე"

კომენტარი