"აირინის" პირველი მსხვერპლნი, რომლებმაც გაფრთხილება არად ჩააგდეს (ვიდეო)

განახლებულია: 12.25სთ.

წინასწარი მონაცემებით, ჩრდილოეთ კაროლინაში “აირინს” მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია: 9 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი დაიღუპა. გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინაში, სამი ვირჯინიაში და ერთი - მერილენდის შტატში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფედერალური სამსახურების არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა (ძირითადად, თავგადასავლების მოყვარულმა ახალგაზრდებმა) საცხოვრებელი სახლები არ დატოვა და მეტიც - არც შტორმის უშუალო ეპიცენტრში, სანაპიროზე ხეტიალზე უთქვამს უარი.

ფლორიდაში სერფერი დაიღუპა, რომელმაც მაღალი ტალღების გამოყენება გადაწყვიტა, რათა თავი გამოეცადა, ვირჯინიაში კი მაშველებმა ზღვიდან წყვილი ამოიყვანეს, რომელმაც, გაფრთხილების მიხედავად, შტორმის დროს ზღვაში ბანაობა გადაწყვიტა.

ეს კადრები ვესთ პალმ ბიჩის სანაპიროზეა გადაღებული და მასში კარგად ჩანს, როგორ გადაუარა გიგანტურმა ტალღამ ზღვაში შეჭრილ ბაქანს, სადაც იმ დროისთვის 8 ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ეს კონკრეტული შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ერთი ადამიანი კი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარი