ივანიშვილი ოცნებებს აგროვებს - მოსაწვევები გაზეთებში

"ქართული ოცნების" 27 მაისის აქციაზე მოსაწვევი „კვირის პალიტრის“, „ასავალ-დასავალის“, "ქრონიკის" მყიდველებმა დღეს გაზეთების საშუალებით მიიღეს.

"ქართული ოცნების" მოსაწვევი ფლაერის სახით, დღეს ამ გაზეთებში იდო. მოსაწვევის ნაწილი, მოსახევი კუპონია წარწერით „დაწერე შენი ოცნება“.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, აქციის მონაწილეების მიერ კუპონზე დაწერილი ოცნებები აქციაზე სპეციალურ ყუთში ჩაიყრება და აუცილებლად ახდება.

„ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახელის და გვარის მითითებით, ან მითითების გარეშე დაწეროს რა არის მისი ოცნება და 27-ში ამ მანიფესტაციის დროს იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც კუპონებს შეაგროვებენ. "ეს ოცნებები აგვიხდება ოქტომბრიდან. ზოგიერთი შეიძლება მანამდეც, მაგრამ ოქტომბრიდან ნამდვილად ყველა.“- აცხადებს პრეს-სპიკერი.

ზუსტი მონაცემები, რამდენი ფლაერი დაიბეჭდა, მაია ფანჯიკიძეს არ აქვს. მაგრამ აღნიშნავს, რომ ფლაერები დიდი რაოდენობითაა და შესაძლოა, აქციის მონაწილეებმა იქვე დაწერონ ოცნებები.

მაია ფანჯიკიძისვე თქმით, „ქართული ოცნება“ 27 მაისისთვის აქტიურად ემზადება. შედის თუ არა ამ მზადებაში მოქალაქეებისთვის დარეკვა და აქციაზე მოპატიჟება, კოალიციის პრეს-სპიკერი არ აზუსტებს. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ესეც არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ იმათ, ვისაც იცნობ, ვისთანაც გაქვს კონტაქტი, შეეხმიანო, შეახსენო, მოუწოდო.

„საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს რეგისტრირებული ძალიან ბევრი მხარდამჭერი. მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ეს ორგანიზაცია, ათასობით ადამიანმა გაიარა რეგისტაცია, დატოვა თავისი მონაცემები და ამ მონაცემების დატოვებით მათ სწორედ ის გვთხოვეს, რომ როდესაც იქნება რაიმე მნიშვნელოვანი, მათ შევეხმიანოთ. აქედან გამომდინარე, მათთვის შეხმიანება არის აბსოლუტურად ლეგიტიმური.“ - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.

მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ აქციაზე კოალიციის ყველა ლიდერი იქნება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც. ამით ფანჯიკიძემ უარყო სოაციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციაზე ივანიშვილი არ მივა და იგი მათ წინაშე მონაწილეებს წინაწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვით "წარსდგება".

„ქართული ოცნება“ 27 მაისს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ვაკის პარკთან, დინამოს სტადიონთან და ავლაბრის მეტროსთან ერთდროულად შეიკრიბებიან და გაემართებიან თავისუფლების მოედნისკენ.

წყარო

კომენტარი