სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტ-ტროლი ციხეში გაგზავნეს

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში საკმაოდ უჩვეულო სასამართლო პროცესი დასრულდა - ოცი წლის შონ დაფი ინტერნეტ-ტროლინგის ბრალდებით 18 კვირით გაგზავნეს ციხეში.

როგორც გაირკვა, დეფი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოულობდა მემორიალურ გვერდებს, რომლებიც ტრაგიკულად დაღუპულებს ეძღვნებოდა და იქ დამცინავი შინაარსის პოსტებს ტოვებდა. მაგალითად, იმ მოზარდის მემორიალურ გვერდზე, რომელსაც ლიანდაგზე გადასვლის დროს მატარებელი დაეჯახა, დაწერა: „მე რელსებზე ჩამეძინა, LOL”; ხოლო ავტოავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ფოტოს, რომელზეც შემთხვევის ადგილი და მანქანის ნარჩენები ჩანდა, მიაწერა:„იყიდება კარგად შენახული ავტომობილი“.

დაფი არც ამას სჯერდებოდა და თვითონ ქმნიდა გვერდებსა და ჯგუფებს, სადაც ფოტოშოპში ამუშავებდა დაღუპულთა სახეებს, ამზადებდა ვიდეოებს, სადაც ასახული იყო, როგორ „ულოცავენ“ გარდაცვლილი, რეალურად არსებული ადამიანები სამარიდან დედებს „დედის დღეს“. ძალიან ხშირად დაფის ტროლინგს სხვებიც იზიარებდნენ.

დაფი მარტო ცხოვრობდა, არ მუშაობდა და ბევრს სვამდა, მისმა ადვოკატმა სასამართლოს სთხოვა, გაეთვალისწინებინა, რომ ბრალდებული სკოლის პერიოდში არაერთხელ გამხდარა დაცინვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ობიექტი, მისი სიღარიბის გამო და რომ ამან მის ფსიქიკას საგრძნობი კვალი დაამჩნია.

სხვათა შორის, ერთი გაფრთხილება ტროლინგისთვის 2009 წელს დაფიმ უკვე მიიღო. ახლა კი, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სოციალური ქსელების გამოყენებაც აეკრძალა.

შეგახსენებთ, რომ „ტროლი“ შვედური Troll-ისგან მოდის. „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მიხედვით სკანდინავიურ თქმულებებში ის ზებუნებრივი არსებაა (უპირატესად გოლიათი, ზოგჯერ აგრეთვე ქონდრისკაცი ან კუდიანი), რომელიც ადამიანებისადმი, ჩვეულებრივ, მტრულად არის განწყობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100