19 წლის ზუგდიდელი გეი: ოჯახის შექმნა მსურს და ამას საქართველოში მივაღწევ კიდეც...

19 წლის ზუგდიდელი გეი გიგი მანია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. ის თავის მეგობრებთან ერთად სახალხო დამცველისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური პარტიებისთვის მიმართვის გაგზავნას აპირებს. გიგი მანიას 23 წლის მეგობარი ბიჭი ჰყავს, რომელთანაც ქორწინება სურს, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა მას ამის უფლებას არ აძლევს. მანიას თქმით, ეს პირდაპირ ადამიანის უფლებების დარღვევაა და თუ საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისკენ მიისწრაფვის, ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვები უნდა იყოს. ინფორმაცია მათი მოთხოვნების სესახებ სხვადასხვა სააგენტოებმა დღეს გამოაქვეყნეს. ყველაფერი კი იმ ინტერვიუდან დაიწყო, რომელიც "პრაიმტაიმის" 2011 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნდა. "დრონი.ჯი"-ს დაიჯესტში ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

პირველი ქართველი, ვინც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ სერიოზული მოძრაობის დაწყებას აპირებს და მწვავე განცხადებებს აკეთებს, „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გიგი მანიასთან:

გიგი, საკმაოდ ხმამაღალ განაცხადს აკეთებთ, რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთ?

–მე პირადად, ბევრისგან განსხვავებით, არ მრცხვენია, გეი რომ ვარ. აქამდე არასრულწლოვანი ვიყავი, ახლა უკვე თამამად შემიძლია, დავაფიქსირო, რა მინდა და ვიბრძოლო ჩემი უფლებებისთვის. მყავს „ბოიფრენდი“, რომელთანაც 2 წელია, ვცხოვრობ, გვიყვარს ერთმანეთი, გვსურს, ოჯახი შევქმნათ და სამოქალაქო ქორწინება გვქონდეს. ჩემი ოჯახი ამას გაგებით შეხვდა, ჩემმა მეგობრებმაც ჩვეულებრივ მიიღეს ეს მოვლენა. როცა ჩემს გარემოცვაში პრობლემა არ მაქვს, რატომ უნდა მიშლიდეს ხელს სახელმწიფო?! რატომ არ შეიძლება საქართველოშიც შეიძლებოდეს ერთსქესიანთა ქორწინება? მსოფლიოს არაერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი ქორწინება დაშვებულია. რა არის ამაში ცუდი? მსურს და ვქორწინდები, ამით ვინმეს რამე უშავდება? თუ ჩვენ მივდივართ დასავლური ღირებულებებისკენ და გვსურს, თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება გვყავდეს, მაშინ ერთსქესიანთა ქორწინებაც დასაშვები უნდა გახდეს. თუ არა და, ირანელებივით ჩადრი დავიხუროთ, ინტერნეტი შევზღუდოთ და ტრადიციებს გავეტიროთ. მე და ჩემი მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება საქართველოში შესაძლებელი გახდეს. ამისთვის, უბრალოდ, ბრძოლაა საჭირო, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ, თუ ერთად დავდგებით, მივაღწევთ, რაც გვეკუთვნის.

კონკრეტულად რას გეგმავთ?

– ვაპირებთ, ერთობლივი წერილი შევიმუშაოთ და მივმართოთ სახალხო დამცველსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ასევე, ვგეგმავთ, მივმართოთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ლიბერალური ღირებულებების ერთგულია და დახმარება ვთხოვოთ. ჩვენ ზუგდიდში 34 ხელმომწერი გვყავს. მათ შორის 3 ლესბოსელია, 31 გეი. ამ ადამიანებს არ ეშინიათ, აღიარონ, თავიანთი ორიენტაცია. ეს ციფრი დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ცოტა არ არის, ეს ჰომოფობიური ქალაქია. ზუგდიდის გარდა, თანამოაზრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვყავს, რომლებიც ამავე დროს ჩვენი მეგობრები არიან. მინდა, გეებს მივმართო, რომ გეიაღლუმებითა და მასკარადებით ვერაფერს მივაღწევთ. მაგას აჯობებს, ყველა ლგტბ (ლესბოსელი, გეი, ტრანსსექსუალი, ბისექსუალი) ერთად შევიკრათ და ვითხოვოთ, რეალურად რაც გვინდა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი უფლებების დაცვა და მთავარი – ქორწინების უფლება. ანუ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ოჯახის სტატუსით ჩვენც ვიცხოვროთ.

ერთსქესიანთა ქორწინება ბევრ ქვეყანაში ჯერაც არ არის ნებადართული, რატომ ითხოვთ ამას ახლა საქართველოში?

– რატომ არ უნდა იყოს ჰომოსექსუალების ქორწინება დასაშვები, ვინმემ დამიმტკიცოს და კი, ბატონო... ჩვენ ამ მოთხოვნით რამე დანაშაულს ჩავდივართ? ვმრუშობთ, თუ რა ხდება? ჩვეულებრივ, როგორც ჰეტეროსექსუალებს უყვართ ერთმანეთი, ისე გვიყვარს ჩვენც, მათ თუ აქვთ ქორწინების უფლება, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს? ჩემსა და ჰეტეროსექსუალს შორის განსხვავება ის არის, რომ მე ჩემი სქესის ადამიანი მომწონს, მას კი – საპირისპირო. დანარჩენი მეც ისე ვსუნთქავ ჰაერს, ისე ვჭამ, მსგავსი სხეული მაქვს და ბოლოს და ბოლოს, ერთმა ღმერთმა დაგვბადა მეც და ჰეტეროსექსუალიც. ერთადერთი განსხვავება გვაქვს და ამას უნდა შევეწიროთ? არგუმენტად, ალბათ, იტყვიან, მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ, ქართველები ტრადიციული ერი ვართო. რა ტრადიციებით აპელირებენ, განა გეები ახლა გაჩნდნენ? ვინ თქვა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციაა? ჩვენ სულ ვიყავით... მე პირადად არც არავისზე ნაკლები მართლმადიდებელი ვარ. თვითონ კი ქადაგებენ, სოდომის ცოდვააო, მაგრამ პირადად მე ორ სტიქაროსანს ვიცნობ, რომელიც გეია და ტაძარში მსახურობს. სანამ მოჩვენებითი წმინდანები ვიქნებით, ჩვენი საზოგადოება ვერ გაიზრდება.

თქვით, რომ სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებთ, კიდევ რას გეგმავთ, საზოგადოების ფართო წრეებში ერთსქესიანთა ქორწინებაზე განხილვები რომ დაიწყოს?

– დავიწყებთ ამ თემაზე მსჯელობას სოციალურ ქსელებში. ერთსქესიანთა ქორწინების თემა იმდენად საინტერესოა, რომ მასზე საჯარო განხილვები, გარკვეული პერიოდი, სისტემატურ ხასიათს მიიღებს. სტიგმების დასამსხვრევად ეს აუცილებელია. ის, რაც დღეს გეებთან დაკავშირებით ხდება, დისკრიმინაციაა. ზოგადად, ყველა ქვეყანაში ხელისუფლება უფრთხის ერთსქესიანთა ქორწინების თემას, რადგან არ დაკარგონ ამომრჩევლები, მაგრამ, თუ გვინდა, თავისუფალი საზოგადოება გვყავდეს, ამისთვის აუცილებელია, რეფორმები გატარდეს.

გიგი, ქორწინების გარდა, კიდევ რა პრობლემები გაქვთ?

– ძალიან ხშირად არის შეურაცხყოფები ქუჩაში, ჩემი ჩაცმულობის გამო მეძახიან უხამს სიტყვებს. „პიდარასტებო“, გაეთრიეთ ზუგდიდიდან“, „თქვენი ადგილი ჰოლანდიაშია“, „ერის გადამჯიშებლებო“ და ა.შ. ხშირად მაგინებენ კიდეც. ერთხელ, გვიან ღამით, სახლში ფეხით მოვდიოდი, დამხვდნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, რაც მქონდა – ტელეფონი, საათი, საფულე, ყველაფერი წამართვეს, რაც მეცვა, ისიც კი გამხადეს, ასე მოუხდებათ შენნაირებსო. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. საზოგადოება უვიცია და ვერ ხვდება, რომ მე არაფერს ვაშავებ იმით, რომ კაცი მიყვარს და არა ქალი. შეიძლება მკვლელსა და ყაჩაღს რაღაც აპატიონ და შეუნდონ, აი, გეი კი ქვეყნისა და ერის მოღალატეა, გეია და არ უნდა გააჭაჭანონ – ასეთი მიდგომები აქვთ. ამ ქალაქში უამრავი გეია, მაგრამ სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო აღიარების ეშინიათ. ხშირად სოციალურ ქსელებშიც მემუქრებიან, გაქრი ამ ქალაქიდან, აქ შენი ადგილი არ არისო.

დისკრიმინაციის გამო ვინმეს თუ მიმართეთ?

– ერთ-ერთ ადგილობრივ არასამთავრობოს მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ პრობლემა რომ ავუხსენი, დიდაქტიკური მოტივებით დამიწყეს საუბარი: ეგრე არ შეიძლება, დაივიწყე ეგ სისულელე, გოგო შეiყვარე, ცოლი მოიყვანე, შენნაირები ბედნიერები არ არიანო. მაგის მერე ზუგდიდში არავისთვის მიმიმართავს. ვითომ ჩვენს უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოები რომ არიან თბილისში, არც ისინი აკეთებენ რამეს, გრანტებს ჭამენ და მეტი არაფერი. უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ, პრობლემები კი რეალურად გადაუჭრელია. არც სახალხო დამცველს გაუმახვილებია ყურადღება თავის მოხსენებაში ჩვენი უფლებების დარღვევის შესახებ, არადა ლგბტ-თა დისკრიმინაციის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება ერთსქესიანთა ქორწინების მოთხოვნას?

– ამ საზოგადოების დიდ ნაწილს განათლება და თავისუფლება აკლია, სხვაზე ჭორაობისა და გაკიცხვის მეტს არაფერს აკეთებენ. გარეთ, სხვის დასანახად რომ ძმაკაცობენ და ლოგინში სექსაობენ, ესაა ჯანსაღი ურთიერთობა?! არ სჯობია, ყველაფერი ღიად მოხდეს? მე და ჩემი მეგობრები ცუდს არაფერს ვითხოვთ, გვსურს, ვიცხოვროთ ისე, როგორც თქვენ, გვქონდეს ის უფლებები, რაც თქვენ გაქვთ. მე ვერასდროს მოვიყვან ცოლს, მაგრამ მინდა, ბავშვი გავზარდო. რა, მისი გაზრდის უფლება არ უნდა მქონდეს? თუ მე ამ ბედნიერებისთვის ზედმეტი ვარ, რადგან გეი ვარ?

გიგი, თქვენ დაგვთანხმდით, თქვენი სახელი და გვარი დაგვეწერა, თუმცა ფოტოს გადაღებაზე უარს ამბობთ. რაიმე საშიშროება არსებობს და თავს იზღვევთ?

– ჩემი სახელი და გვარი ვინც იცის და ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ გეი ვარ. ამას არასდროს ვმალავდი და აწი, მით უმეტეს, არ დავმალავ. რაც შეეხება ფოტოს, ჯერჯერობით არ მინდა ამ ბრმა საზოგადოების მხრიდან ქილიკისა და თითის გაშვერის მსხვერპლი გავხდე. თან უსაფრთხოდაც აღარ ვიქნები, ამ ქალაქში შეიძლება ქუჩაში გაგაჩერონ, მიფარებულში გაგიყვანონ და იმის გამო გცემონ, რომ გეი ხარ. მე არ ვაპირებ სახის დამალვას. სულ მალე, როგორც კი ჩვენი გეგმების განხორციელებას დავიწყებთ, თითოეული ჩვენგანი საშკარაოზე გამოვა და ღიად დააფიქსირებს მოთხოვნას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. გვსურს სამოქალაქო ქორწინება და ადამიანის უფლებების დაცვა, სხვა არაფერი.

კომენტარი