THE NEW YORK TIMES: "აფხაზეთი რუსეთის კალთის ქვეშ ბედნიერია, თუმცა ოდნავ მეტი თავისუფლება უნდა"

The New York Times-ის შეფასებით, "აფხაზეთი რუსეთის კალთის ქვეშ ბედნიერია, თუმცა ოდნავ მეტი თავისუფლება უნდა".

როგორც მაიკლ შვირცი თავის სტატიაში წერს, "სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვანი მოსაზრება უარყო და საქართველოს ანკლავი – აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ ცალმხრივად აღიარა, თუმცა აღნიშნული ტერიტორიის ლიდერები ამ აღიარებისთვის გადახდილ ფასს დღემდე არ ეგუებიან".

"იმის გამო, რომ არცერთ წამყვან ქვეყანას აფხაზეთის ლეგიტიმურ სახელმწიფოდ აღიარება არ სურს, ის გადარჩენისთვის თითქმის სრულად მოსკოვისთვისაა მინდობილი. რუსი სამხედროები და მესაზღვრეები მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, რუსული კომპანიები აფხაზ ხალხს საკვები პროდუქტით და საწვავით ამარაგებენ, ხოლო რუსეთის მთავრობა მოხუცებს პენსიებს უხდის. აქ ერთადერთი ვალუტა რუსული რუბლია. მაგრამ რუსეთს დღეს აფხაზეთის მშვენიერი სანაპიროს უძრავ ქონებაზე თვალი აქვს დადებული, რუსული ორთოდოქსული ეკლესიაც კი აქ საკუთარი გავლენის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. ამ ფონზე ზოგიერთ აფხაზს უჩნდება კითხვა, რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ავტონომიურობა", - წერს The New York Times.

"ჩვენ ვცილობთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, იმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, რისთვისაც ვიბრძოდით და სიცოხლეს ვწირავდით. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებით შევძლებთ იმ დანის წვერზე გავლას, რომელზეც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გავდიოდით. ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს შეიძლება, ტრაგედია მოჰყვეს, ჩვენ ისტორიაში კი ასეთი ტრაგედიები ბევრია", – განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი კანდიდატიდან, რომელიც დღევანდელ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს.

სოხუმელი ექსპერტების შეფასებით, "საარჩევნო კამპანია დიდწილად მშვიდად მიმდინარეობს და საეჭვოა, მის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს".

"სავარაუდოდ, გამარჯვებული ისეთივე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც იყო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელიც მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალ პრეზიდენტს რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება მოუწევს, რაც აფხაზეთის გადარჩენისთვის გადამწყვეტია, ასევე ანექსიის მცდელობების მოგერიება. ზოგიერთებისთვის დღეს კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ამ ერთი ციდა ტერიტორიის რომელიმე ლიდერი წარმატების მიღწევას, არამედ იმაში, ხომ არ დამარცხდა უკვე აფხაზეთი", - წერს გამოცემა და ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორის ინალ ხაშიგის სიტყვებს იმოწმებს, რომ "დღევანდელი სიტუაცია ჩიხია, რაც საბჭოთა პატრონაჟის სისტემას ძალიან ჰგავს. საბჭოთა ელემენტები დემოკრატიის გარკვეულ ელემენტებთან ერთად უფრო მეტი დამოკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობას არ მოგვცემს".

"აფხაზეთში ახლა დაახლოებით 3 500 რუსი სამხედრო და 1 500 მესაზღვრეა. ბევრ რუსს აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაწყება სურს, მაგრამ აფხაზ ლიდერებს არ უნდათ ცვლილებების შეტანა იმ კანონში, რომელიც უცხოელებს, მათ შორის რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს. ბოლო დროს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავაში ყურადღების ცენტრში სამი სანატორიუმი მოექცა, სადაც ოდესღაც საბჭოთა ლიდერები მიხეილ გორბაჩოვი, ნიკიტა ხრუშჩოვი და სტალინი ისვენებდნენ. საქართველოსთან ომის შემდეგ 1990-იან წლებში აფხაზეთმა ამ საკუთრების ნაციონალიზაცია მოახდინა, მაგრამ დღეს რუსეთის სახელმწიფოს მათი დაბრუნება უნდა. რუსეთმა აფხაზური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაახლოებით 362 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ნიშნები არ ჩანს. საბჭოთა პერიოდის მრავალბინიან სახლებზე კვლავ ომისდროინდელი ნატყვიარებია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ელექტრო- და წყალმომარაგება ზოგიერთ რაიონში საშინელია. რამდენიმე სამშენებლო პროექტი მაინც ხორციელდება, თუმცა აფხაზების თქმით, ეს რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების საცხოვრებელი სახლებია", - ნათქვამია სტატიაში.

"სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვერცერთი ფართომასშტაბიანი პროექტის დასრულება ვერ შევძელით. ჩვენ ეკონომიკის განვითარების გეგმის შემუშავება ვერ მოვახერხეთ", - აცხადებს სერგეი შამბა.

The New York Times-ის შეფასებით, "აფხაზი ლიდერები აღიარებენ, რომ მათ ყოველთვის დასჭირდებათ უფრო დიდი სახელმწიფო, რომელიც მათ დაიცავს, ხოლო საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი ცოტას თუ აქვს. როგორი დაძაბულიც არ უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობა, ბევრი აფხაზი ამბობს, რომ მისი მხარდაჭერის მადლიერნი არიან, რადგან პირველად, მრავალი წლის განმავლობაში მათ უსაფრთხოების გარდა სხვა საკითხებზე ფიქრის შესაძლებლობაც მიეცათ".

ნინო ჩიჩუა

კომენტარი