"ჭირსა და ლხინში" - დიქტატორების მეორე ნახევრები წარსულიდან

ევა ბრაუნი - ადოლფ ჰიტლერის მეუღლე

17 წლის ევამ ადოლფი მიუნჰენში გაიცნო 1929 წელს, როდესაც ფოტოატელიეში მუშაობდა. თავიდან გოგონამ ვერ იცნო ჰიტლერი, მაგრამ შემდეგ ატელიეს მფლობელმა უთხრა, რომ მათ ძალიან ცნობილი პოლიტიკური ფიგურა სტუმრობდა.

მათ შორის მალე გაჩნდა გარკვეული სიმპათია. ყოველ ვიზიტზე ჰიტლერი კომპლიმენტებსა და საჩუქრებს არ იშურებდა გოგონასთვის. ისინი დრო და დრო პიკნიკზე, კინოსა და რესტორნებში დადიოდნენ: „უფლება მომეცით, პაემანზე დაგპატიჟოთ ევა, ხომ ხედავთ, ჩემს გარშემო მხოლოდ მამაკაცები არიან და მიხვდებით, ალბათ, რამხელა ბედნიერებაა ქალბატონთან ერთად სადმე წასვლა“ - ეუბნებოდა ფიურერი მას. ჰიტლერი ევაზე 23 წლით უფროსი იყო.

1930 წელს ფიურერმა დაავალა თავის თანაგუნდელებს, გაერკვიათ, ევას სისხლში ებრაული წარმომავლობა ერია თუ არა. როდესაც პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, ჰიტლერმა ჩვეულად გააგრძელა ბრაუნთან შეხვედრა, თუმცა მის შერთვას არ ჩქარობდა. ადოლფს არ სურდა ვინმეს მისი საყვარელი ქალის ვინაობა სცოდნოდა, თავის პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამომდინარე. ისინი საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს ან ამ შეხვედრებს „საქმიანი დატვირთვა“ ჰქონდა. ევა ფოტოგრაფი იყო და ფიურერის ფოტოების უმრავლესობა მისი გადაღებულია.

ის, რომ ევა ჰიტლერის მეორე ნახევარი იყო, არავინ იცოდა, რადგან ოფიციალურ მიღებებსა და სადილებზე არ ჩნდებოდა მასთან ერთად. ბრაუნმა ორჯერ თვითმკვლელობაც სცადა წარუმატებლად, რაც სხვადასხვა მიზეზით ახსნეს. ორივე მცდელობა ძირითადად ჰიტლერის საქმიანობას უკავშირდებოდა და მის მესაკუთრეობრივ ხასიათს. 1945 წელს წყვილმა ერთად მოიკლა თავი ჰიტლერის ბუნკერში.

ნაჯვა გჰანემი - ბინ ლადენის მეუღლე

ნაჯვა ტერორისტისა და „ალ ქაიდას“ დამფუძნებლის, ბინ ლადენის პირველი ცოლი იყო. ის თავისივე ბიძაშვილი იყო, რომელიც 15 წლის ასაკში მოიყვანა. როგორც ამბობენ, ის ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ოდესმე უყვარდა. გარდა ნაჯვისა, მას კიდევ ხუთი მეუღლე ჰყავდა.

ბინ ლადენის სახლში აკრძალული იყო ნებისმიერი სახი ტექნიკა: ტელევიზორი, ტელეფონი, კონდიციონერი, მაცივარი. თუ ბავშვებს რაიმე საჩუქარს აჩუქებდნენ, ოსამა მათ ამტვრევდა და ნაგავში აგდებდა. ის მიზანიმართულად ზრდიდა საკუთარ შვილებს ტერორისტებად. ხშირად, ლეკვებისა და მაიმუნების წამებით დახოცვას აიძულებდა მათ.

ნაჯვა შეგუებული იყო ამ ფაქტს და მეუღლის პრინციპებს იზიარებდა.

ნადეჟდა ალილუევა - სტალინის ცოლი

საკმაოდ ტრაგიკული ისტორია აქვს სტალინის ცოლს. მან ვერ გაუძლო ცხოვრების მარწუხებს და სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. მას ყოველთვის ღლიდა მმართველის ცოლობა, თავისუფლება და უბრალოება უნდოდა.

ნადეჟდა 16 წლის იყო, როდესაც მომავალი მეუღლე შეუყვარდა. ისინი 1918 წელს შეუღლდნენ. ხშირად მათი ურთიერთობა იძაბებოდა, სტალინი აიძულებდა, რომ სამსახურიდან წამოსულიყო და ბავშვებისთვის მიეხედა.

ნადეჟდა ყოველთვის ცდილობდა არ შეწინააღმდეგებოდა ქმარს და მისთვის იდეალური ცოლობა გაეწია.

1932 წლის 7 ნოემბერს რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ნადეჟდას შავი გრძელი კაბა ეცვა. მისმა სილამაზემ დარბაზში ყველა სტუმარი მოხიბლა. სპეციალურად მისი სადღეგრძელოც კი შეისვა, რომელიც ყველა სტუმარმა დალია, გარდა ნადეჟდასი. სტალინმა ფორთოხლის ქერქი ესროლა და დაუყვირა: „ეი, შენ! დალიე ახლავე!“ ალილუევამ კი უპასუხა „მე „ეი შენ“ არ ვარ!“ და წვეულებიდან ქუჩაში გაიქცა.

მეორე დილით ნადეჟდა ალილუევა გარდაცვლილი იპოვეს. მან იარაღი ისროლა თავში. როგორც ამბობენ, თვითმკვლელობის წინ წერილი დაუტოვა მეუღლეს, თუმცა არავინ იცის, რა ეწერა მასში.

კომენტარი