დათო ფორჩხიძე: არის საშიშროება, რომ შოუს სახელი გაუფუჭდეს

ქართულ შოუ-ბიზნესზე, მსმენლზე, პროექტ ახალი ხმის მონაწილეებსა და სხვა მკითხველისთვის საინტერესო თემებზე, droni.ge მუსიკოსსა და პროდუსერს, დათო ფორჩიძეს ესაუბრა.

თქვენი აზრით რატომ იყავით ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელი?

ვიყავი, რომ? არამგონია, რომ მასე იყოს, სტატისტიკა ზუსტად არ ვიცი. ჩემი აზრით ვინც მირჩევდა ჩემი წარსულისა და შემოქმედებითი მიღწევების გამო მირჩევდა.

სხვა მწვრთნელებთან უხრხულ მდგომარეობაში ხომ არ ვარდებოდით, როცა მათთვის სასურველი კონკურსანტები თქვენ გირჩევდნენ?

პირიქით, სიამაყის გრძნობით ვიმსჭვალებოდი.

რა კრიტერიუმებით არჩევდით თქვენი გუნდის წევრებს?

ნიჭიერებით და ტალანტით. ამ კონკურს ხმა ქვია, მაგრამ ხმა განყენებული ცნება ან ნიჭიერების საზომი არ არის. ხმა მუსიკალურობის, ნიჭიერებისა და რიტმულობის ერთობლივი კომპლექტია. აგერ ჩემს ეზოში, გამოივლის ხოლმე ერთი, ბოთლებს ვიბარებო ყვირის, იმას უნდა ნახოთ, როგორი ხმა აქვს, მაგრამ ეგ ხომ არ არის ნიჭიერება? ანუ მომღერლის ხმა უნდა მოიცავდეს მის ნიჭს, ტალანტს, კრეატივს, შემოქმედებითობას და ყველა კომპონენტს რაც მუსიკას ჭირდება. სწორედ ამ კომპონენტების მიქსით ვირჩევდი ჩემი გუნდის წევრებს. ასევე მინდოდა ჟანრის მრავალფეროვნება და ამასაც ვაქცევდი ყურადღებას.

თუ გაქვთ კონკრეტული გეგმები საკუთარი გუნდის წევრებთან დაკავშირებით?

ეს გეგმები არ არის, ეს ჯერჯერობით ოცნებებია. და იცით რატომ? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მსმენელს შოუბიზნესისთვის არ სცალია, მას მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკის სურვილი აქვს.

წლები გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში, მცირე დოზით, მაგრამ მაინც არსებობდა შოუ-ბიზნესი, მაშინ კრიტიკის რეჟიმში არ იყო მსმენელი. ეხლა ყველაფერი შეიცვალა.

თუ იქნება მოთხოვნა კარგ მუსიკაზე, თუ მსმენელი მზად იქნება, მე მზად ვარ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო ამ ბავშვებს, არამარტო ჩემი გუნდის წევრებს, არამედ მთელ ახალ თაობას.

გეგმები მაქვს ძალიან ბევრი და არ მინდა ისინი ოცნებებად დარჩეს. მეთვითონ ვაკრიტიკებდი ადრე სხვა პროექტებს, ახალ აღმოჩენილ ბავშვებს არაფერი გამოსდითთქო და არ მინდა ახალი ხმის მონაწილეებსაც იგივე დაემართოთ.

მთავარია, ფინანსური დახმარება იყოს. თუ იქნება სპონსორი, მე ჩემი ტვინით, ჩემი გამოცდილებით და ცოდნით, რომელიც ვფიქრობ, რომ ვაჩვენე ამ შოუში, შემიძლია, დავქოქო ძალიან სერიოზული მოძრაობები.

ქართველი მსმენელით უკმაყოფილო ხართ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანაზე ფიქრობთ?

არა, არა! მე მიყვარს საქართველო და ქართველი პუბლიკა. ქართველ მსმენელს თუ კარგ მუსიკას შესთავაზებ ის იღებს მას, მაგრამ თუ კარგი არ არის მერე ცუდსაც იღებს და ეს არის პრობლემა.

ქართველ ხალხს უყვარს მუსიკა და უნდა მისი მოსმენა. მე მართლა შემიძლია გავაკეთო ძალიან დიდი რაღაცეები, ჯგუფი სახე, ხომ ჩემი გაკეთებულია ჩემს მეგობრებთან ერთად. ზუსტად ესე გახდებიან ეს ბავშვები ჩემი მეგობრები და გავაკეთებ სერიოზულ პროექტებს. ამისთვის მარტო მხარდაჭერაა საჭირო. რო ამბობენ შოუ-ბიზნესი არ არისო, ეგ არის ცრუ გამოხტომა. შოუბიზნესი არის, უბრალოდ მხარდაჭერა არ აქვს. ფინანსების გარდა პრობლემა არ არსებობს.

იმ უცხოეთში გაყვანასაც, რომ მეუბნები, იმასაც ფინანსები უნდა. გარდა ამისა ძალიან ძნელია უცხოეთში ფეხის მოკიდება, იმათ თავისები ყავთ ისეთი მაგრები, რომ ძალიან რთულია.

ჯგუფი სახე ახსენე და იქნებ გვითხრა ახალ ხმაში სახის რეპერტუარის გაცოცხლება, რატომ გადაწყვიტე და როგორ დაითანხმე ხუჯაძე თბილისში ჩამოსვლაზე?

დათო ისედაც თბილისში იყო. მე გოგა ხაჩიძის გამოყვანაც მინდოდა, მაგრამ ის პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და არ გამოვიდა. ძალიან მინდოდა სამივე ერთად ვყოფილიყავთ, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა.

რაც შეეხება დათოს, ის სიამოვნებით მოვიდა. მე და დათო მეგობრები ვართ, ვძმაკაცობთ, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ცხოვრობს კონტაქტი არ გაგვიწყვეტია ერთმანეთთან. დამირეკა კიდეც და მითხრა თუ რამეში დაგჭირდები გვერდით მიგულეო. თვითონაც ძალიან ბედნიერი იყო და გაუხარდა ჯგუფ სახის გახსენება. მეც ბედნიერი ვიყავი, პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ გოგა არ იდგა ჩვენს გვერდით, იმედი მაქვს დადგება საქართველოში ის დრო როცა სამივენი ერთად ავალთ ისევ სცენაზე.

ვფიქრობ მეც ხუჯაძემაც და ფორჩხიძემაც ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევებს მაშინ მივაღწიეთ, როცა ერთად ვიყავით. ძალიან მომენატრა ხუჯაძეც, ხაჩიძეც და მათთან ერთად სცენაზე დგომაც.

და ბოლოს, კმაყოფილი ხართ თუ არა პროექტით „ახალი ხმა“?

პროექტმა რათქმაუნდა გაამართლა, თუმცაღა არის საშიშროება, რომ შოუს სახელი გაუფუჭდეს. თუ გამარჯვებული ვერ გახდა ღირსეული ეს შოუს სახელზე ცუდად იმოქმედებს, ამიტომ ეხლა ცოტა სახიფათო ფაზაში შევდივართ. ამ ეტაპამდე კი შოუ იდეალურად მიდის, მთავარია საზოგადოებამ ყურადღება გამოიჩინოს და თავისი ჩართულობით ღირსეული კონკურსანტის გამარჯვებას შეუწყოს ხელი.

თუ ღირსეულმა ვერ გაიმარჯვა, მერე ყველა იტყვის უსამართლო იყოვო. არადა შეხედეთ 90 ათასი ნახვა აქვს ლაშა თოფურიას ვიდეოს ინტერნეტში და ესემესებით ძალიან ცოტა ხმა მიიღო.

ამ პროექტში ბევრი ნიჭიერი მონაწილეა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეხლა ვინც დარჩა იმ ბავშვებიდან ყველა არ იმსახურებს გამარჯვებას, ამიტომ მაყურებელი უნდა ჩაერთოს, 50 თეთრი ღირს ის ესემესი მეტი ხომ არა და უნდა დაეხმარონ საკუთარ რჩეულებს.

კომენტარი