სხვა სიმღერებთან ერთად, ვალერი მელაძე თბილისში "წინწყაროს" და "თბილისოს" იმღერებს

როგორც ცნობილია, 7 აპრილს თბილისში ვალერი მელაძე იმღერებს. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსავალი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის ფონდში გადაირიცხება.

უკვე ცნობილია ისიც, რომ მელაძე თბილისში 7 აპრილს დილით, 25 პირის თანხლებით ჩამოვა. თავის ცნობილ ჰიტებთან ერთად, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი "წინწყაროს" და "თბილისოს" შეასრულებს.

კონცერტში მონაწილეობას საქართველოში მყოფი ქართველი მომღერლებიც მიიღებენ. სახელდება ორი მათგანი - „ქართული ხმები“ და „თეატრალური კვარტეტი“.

ვალერი მელაძის კონცერტის მიმართ თბილისში დაინტერესება ძალიან დიდია და ეს ბუნებრივია, თუ გავიხსენებთ, რომ ამ მომღერალს უკვე 15 წელია, საქართველოში კონცერტი არ ჩაუტარებია.

კომენტარი