თამარ გვერდწითელი 50 წლის იუბილეს კრემლში აღნიშნავს

ცნობილ მომღერალს, თამარ გვერდწითელს დღეს, 18 იანვარს 50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნას მომღერალი დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს, სამაგიეროდ ამ თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს გაზაფხულზე კრემლში გამართავს.

იუბილეს გადადება მომღერალს სანკტ-პეტერბურგში ინვალიდებისთვის დაგეგმილი კონცერტის გამო მოუხდა.

"რეპეტიციას დაბადების დღის გამო ვერ ჩავშლიდი, რადგან მეორე დღეს კონცერტია. ნათესავებისა და მეგობრებისთვის იუბილეს ცოტა მოგვიანებით გავმართავ. დაბადების დღეს მოსკოვშიც გადავიხდი და თბილისშიც. მოსკოვში მამაჩემი, ძმა და ჩემი შვილი ჩამოვლენ. შემდეგ თბილისშიც ჩავალ ", - ამბობს მომღერალი.

რაც შეეხება საიუბილეო კონცერტს, ეს რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების ტრადიციაა და მას არც გვერდწითელი დაარღვევს.

"კონცერტი გაზაფხულზე კრემლში გაიმართება. ეს ძალიან სერიოზული ღონისძიება იქნება როგორც ჩემთვის, ასევე მათთვის, ვისაც უნდა, რომ მომილოცოს", - აცხადებს ესტრადის ვარსკვლავი და აღიარებს, რომ ასაკის მატებას მშვიდად ეგუება.

"ჩემი განვლილი წლები ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, მაგრამ იმ ქალებისაც მესმის, ვინც ითხოვს, რომ ამ თემაზე ჟურნალისტებმა არ დაწერონ", - ამბობს თამარ გვერდწითელი.

მან კარიერის განმავლობაში ათეულობით სტუდიური ალბომი ჩაწერა. სიმღერებს ქართული და რუსულის გარდა ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, ინგლისურ, ივრითულ, უკრაინულ, სომხურ და გერმანულ ენებზეც ასრულებს.

მომღერალი თავადაც რამდენიმე ენაზე საუბრობს. მინიჭებული აქვს საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტის წოდებები.

თამარ გვერდწითელი თბილისში დაიბადა. მისი დედა ინა კოფმანი ოდესიდან იყო და იქაური რაბინის შვილიშვილი გახლდათ.

მომღერალი სულ სამჯერ დაქორწინდა. მისი ბოლო ქორწინება კარდიოქირურგ სერგეი ამბატელოსთან 2005 წელს განქორწინებით დასრულდა. გვერდწითელს შვილი მხოლოდ პირველი ქორწინებიდან, რეჟისორ გიორგი კახაბრიშვილთან ჰყავს. სანდრო კახაბრიშვილი 26 წლისაა და ლონდონში, ხელოვნების უნივერსიტეტში მასმედიისა და კულტურის ფაკულტეტზე სწავლობს.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.


კომენტარი