რამ აღაფრთოვანა და რამ შეუქმნა დისკომფორტი გიორგი ნადიბაიძეს ახალ ტალღაზე?

იურმალადან სოჭში გადაბარგებული მუსიკალური კონკურსის, „ახალი ტალღის“ დაწყებამდე 2 დღე დარჩა. სხვა კონკურსანტებთან ერთად მსმენელის გულის დაპყრობისა და გამარჯვებისთვის ქართველი კონკურსანტები გიორგი ნადიბაიძე და ალისა დანელიაც ემზადებიან.

წინასაკონკურსო ციებ-ცხელებასა და საკუთარ მოლოდინებზე დრონი.ჯი დღეს გიორგი ნადიბაიძეს გაესაუბრა.

-გიორგი რა განწყობა გაქვს კონკურსის დაწყებამდე?

-მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლო განწყობა მაქვს. მინდა ჩემს მიზანს მივაღწიო და მინდა ბოლომდე გავაკეთო ის რისი გაკეთებაც მინდა. მინდა წარვსდგე კარგად.

-კონკურენტები ძლეარი გყავს?

-კონკურენცია არის. აღსანიშნავია და ყველა აღნიშნავს მგონი, რომ საკმაოდ კარგი ნაკადია. მე შეიძლება ყველა არ მომწონს, მაგრამ ასე თუ ისე, უმრავლესობა კონკურსის რაღაცეებს მოერგო და შესაბამისად არიან კარგი შემსრულებლები. ანუ კარგი ნომრები აქვთ და ვერ იტყვი, რომ რაღაცა ცუდია, პირიქით პოზიტიურად ვაფასებ და შესაბამისად ვაპირებ, რომ მეტი კონკურენცია აქეთ მე გავუწიო და უფრო ძლიერი კონკურენტი მე ვიყო.

-სიტუაცია როგორია? ერთობით თუ დაძაბულები ხართ კონკურსის გამო?

-სიტუაცია არის ძალიან კარგი. პირდაპირ გეტყვი რომ, მისაბაძი სიტუაციაა ჩვენგან როგორც პროექტის, როგორც კონკურსის. მე არ ვამბობ, რომ ყველაზე მაგარი კონკურსია, ეგ სხვა რაღაცაა, უბრალოდ კარგად ორგანიზებულია, ბევრი ყურადღებაა კონკურსანტების მიმართ, იხარჯება შესაბამისი თანხები, პიარდება შესაბამისად. არანაირი მიკერძოება მომზადების დროს, ისე გამზადებენ როგორც შენ გჭირდება და იხარჯებიან იმის მიხედვით როგორც შენ გჭიდება შენი შესრულებისთვის და შენი ნომრისთვის.

რაც შეეხება დაძაბულობას დიდად არ იგრძნობა, მაგრამ მაინც არის ალბათ რაღაც დოზით, რადგან კონკურს ასეთი რამ ყოველთვის თან სდევს.

გართობით საქმის პროცესში ვერთობით, რადგან სიმღერა ისეთი საქმეა რომელსაც ხალისი მოაქვს, მაგრამ იმდენად ვიღლებით მთლად გართობაც არ არის.

-კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზი თუ გაქვს?

-წინასწარ პროგნოზებს ვერ გააკეთებ ესეთ პროექტში საერთოდ. ჩემი მოლოდინები რა თქმა უნდა მაქვს ხოლმე, მაგრამ აქ ცოტა სხვა სიტუაციაა. აქ არ არის ვოკალური ბრძოლა, აქ უფრო სხვა რაღაცაა, აქ თავისუფალი სცენაა, მაყურებელთან კონტაქზეა აქ საქმე და ცოტა უფრო ვიზუალური და ესთეტიური პროექტია. შესამაბისად პროგნოზი არ ვიცი, მაგრამ მე ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო და თუ ყველაფერი გავაკეთე დიდი შანსები მეძლევა იმისათვის, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო.

-კარგადაა ორგანიზებული ღონისძიება? რაიმე დისკომფორტი ხომ არ შეგექმნა?

-ორგანიზებულია ღონისძიება ძალიან მაგრად, ამას ვამბობ გადაჭარბების გარეშე, ძალიან იხარჯებიან და ძალიან ბევრს მუშაობენ. ეს ძალიან მომწონს, რადგან მიყვარს საკუთარ თავზე მუშაობა და მიჩვეული ვარ ამას.

დისკომფორტს რაც შეეხება იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ქართველები ცოტა სხვანაირი გემოვნების ხალხი ვართ. ჩვენ სხვანაირ შესრულებას ვანიჭებთ უპირატესობას, ესენი ცოტა სხვანაირს. სხვანაირი გახსნილობა აქვთ სცენაზე და ამათთვის 100%-იანი ვოკალური შესრულება მნიშვნელოვანი არ არის, აქ უნდა იყო რაღაც სხვანაირად ორიენტირებული და ამან თავიდან ცოტა დამაბნია. თავიდან ხასიათებში ვერ ავეწვე, მაგრამ მალე გამოვედი ამ მდგომარეობიდან, გამოვიყვანე ჩემი თავი და მოვერგე ამ სიტუაციას.

-ალისა დანელიაზე რას იტყვი, რომელიც ასევე საქართველოს წარმოადგენს?

-ძალიან დადებითი, ძალიან კარგი გოგოა, მიხარია რომ გავიცანი. მოსკოვში შევხდი პირველად, იქ გამარჯობის მეტი არაფერი მოგვისწრია, აქ კი უკვე ვმეგობრობთ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიხარია, რომ ასეთი კარგი ადამიანია საქართველოს წარმომადგენელი. წარმატებებს ვუსურვებ.

-ქეთა თოფურია თუ არის ჩართული შენს მომზადებაში?

-ქეთა ჩემს მომზადებაში ჩართული ვერ იქნება, ქეთას თავის საქმეები აქვს, რა შუაშია ჩემს მომზადებასთან ქეთა, მაგრამ ჩემი გულშემატკივარია.

ძალიან მგულშემატკივრობს როგორც ჩემი მეგობარი, ყოფილი მენტორი, კოლეგა.

მომზადებაში ვერ მეხმარება, მაგრამ კონტაქტზე ვართ, რადგან ერთ-ერთ ტურში დუეტს ვმღერით მე და ქეთა და ძალიან მაგარია ეს და ძალიან მიხარია.

კომენტარი