სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბუ, რომელმაც მთვარე (ვერ) გადაყლაპა (ზღაპარი)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი ბუ, რომელსაც სახელად ვიქტორს ეძახდნენ.

ის უზარმაზარი ტყის ყველაზე ბებერ მუხაში ცხოვრობდა; ვეებერთელა და დაკოჟრილ მუხაში, რომლისთვისაც ქარიშხალს ერთი ტოტი მოეტეხა და მის ადგილას წვიმასა და მწერებს ღრმა ფუღურო ამოეთხარათ. აი, ამ პატარა გამოქვაბულში ატარებდა მძინარე ვიქტორი მთელ დღეებს.

ღამით ბუ ტოვებდა თავის სადგომს, რათა მინდვრის თაგვებზე, ბიგებსა და პატარა თაგვებზე ენადირა.

ვიქტორი მაინცდამაინც კარგი ხასიათით არ გამოირჩეოდა და ამის გამო ტყის სხვა ფრინველებს არ უყვარდათ. არა, ბოროტი არ ყოფილა, ცოტა ბუზღუნა და, რაც მთავარია, ტრაბახა გახლდათ.

დღენიადაგ იმეორებდა:

- მე, ვიქტორი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ვარ. ეს მე ვარ ყველაზე საუკეთესო მონადირე და მეთევზე ბუთა მთელ მოდგმაში. მე ძალმიძს დავიჭირო ყოველნაირი ცხოველი, როგორც წყალში და მიწაზე, ისე ჰაერში.

სხვა ჩიტები ერთმანეთს ფრთებს ჰკრავდნენ და ჩურჩულებდნენ:

-მთელ ფრინველთა სამყაროში არ მოიძებნება მასზე უფრო პრეტენზიული არსება. ისეთი რა გავაკეთოთ, რომ მას ეს მედიდურება დავაკარგვინოთ?

და აი, ერთ მშვენიერ საღამოს პატარა ეშმაკუნა ბუკიოტი _ მინერვა ბუსთან მივიდა და შეეკითხა:

-ერთი მიბრძანეთ, ბატონო ვიქტორ, ტირიფებში დიდი გუბე რომ არის, გინახავთ თუ არა?

ბუმ წყენით მხრები აიჩეჩა და უთხრა:

- რა სულელური შეკითხვაა? ცხადია, მინახავს. მე ხომ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმნახველი ვარ!

- მართალია! - ღიმილით უპასუხა პატარა ბუკიოტმა, - მაპატიეთ, მაგრამ ერთი ეს მითხარით, იცით, რომ იმ გუბეში უშველებელი თევზი-მთვარე ცხოვრობს, რომლის დაჭერაც ჯერ ვერავის გაუბედავს?

ვიქტორს ბუნდოვნად ჰქონდა გაგონილი თევზი-მთვარის ამბავი, მაგრამ კონკრეტულად არაფერი იცოდა და მის სახეზე შეცბუნება რომ არ შეემჩნიათ, ესღა თქვა:

- ეგ თევზი ტირიფებიან გუბეში რომ ყოფილიყო, უკვე დიდი ხნის შეჭმული მეყოლებოდა.

- მოგეხსენებათ, ის სულ ერთი კვირაა, რაც იქ არის, თანაც, იცის, რომ თქვენ ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ხართ. ამიტომაც, როგორც კი დაგინახავთ, მაშინვე იმალება.

ვიქტორმა გადაიხარხარა, მედიდური იერის მისაღებად ბუმბული აიბუა და განაცხადა:

- წამოდი, პატარავ, და ნახე, ჭკუით სავსე ბუ როგორ იჭერს თევზ-მთვარეს.

სანამ ისინი ამგვარად საუბრობდნენ, ტყის დანარჩენი ჩიტები, ბუკიოტისაგან მოწვეულნი და გაფრთხილებულნი, სულგანაბულნი უსმენდნენ მათ.

მინერვა და ვიქტორი ტირიფებისკენ გაფრინდნენ. გზადაგზა ხის ტოტებზე სხდებოდნენ და აყურადებდნენ. პატარა ბუკიოტი ვიქტორს ეჩურჩულებოდა:

- ბატონო ვიქტორ, შეეცადეთ, თქვენმა ფრთებმა ხმა არ გაიღოს.

დიდი ბუ ბუზღუნებდა:

- ნუ წუხხარ, მეც მშვენივრად ვიცი ნადირობის წესები.

სხვა ჩიტები შორიახლო მიჰყვებოდნენ. ისე ფრთხილად მიფრინავდნენ, რომ მათი ფრთების ხმა ტოტებში მოარული სიოს ჩურჩულში იკარგებოდა, - ჩქამსაც კი არ გამოსცემდნენ. თვით ენაჭარტალა კაჭკაჭიც კი ჭანარივით დადუმებულიყო.

ბოლოს, ბუკიოტმა და ბუმ გუბეს მიაღწიეს. იქით, ტყის გაღმა, სავსე მთვარე ნელა ამოდიოდა. გუბის პატარა ტალღები წყნარად ლივლივებდა, რის გამოც წყალში მთვარის ანარეკლი ოდნავ სხვანაირი მოჩანდა, - ზოგჯერ წაგრძელდებოდა და დიდმუცლიან თევზს ემსგავსებოდა.

-შეხედეთ, -წასჩურჩულა პატარა ბუკიოტმა ბუს და ნისკარტი ზედ ყურზე მიაწება, - თქვენ მას ხედავთ ზუსტად შუაგულში.

ვიქტორმა ავად მოჭუტა ცალი თვალი და უხმაუროდ წაიწია წინ, ლერწმებში. მერე ერთბაშად აფრინდა და პირდაპირ ცხვირით ჩაერჭო წყალში. გაისმა დგაფუნი. წყლის წვეთები და მთვარის შუქი ერთად მიმოიფანტა ყოველ მხარეს. მთლად გალუმპული ბუ წყლით დამძიმებული ფრთების ქნევით გაბრუნდა ტყისაკენ. გუბის ზედაპირზე უკვე აღარ ჩანდა მთვარე, მხოლოდ პატარა, შეყვითლებული ტალღები მოძრაობდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს წყალზე ათასი ოქროსფერი მარცვალი მოაბნიესო.

- ხედავ, თქვა ვიქტორმა, -ეს არც ისე ძნელია, - მაგრამ ხმა საოცრად გაბზარული და ჩახლეჩილი ჰქონდა. ვიქტორი ალვის ხის კენწეროზე შემოჯდა, რომ ყველას დაენახა და შეექო. ჩიტები, რომლებსაც დამალვის მიზეზი აღარ ჰქონდათ, გარს შემოერტყნენ და სიცილი ატეხეს. ამის საბაბი კი ნამდვილად ჰქონდათ. შეგიძლიათ, მენდოთ; ერთ სანახაობად ღირდა ამ უზარმაზარი დამრგვალებული ბუს ყურება, რომლის თვალებსაც მთვარის ელვარება მისცემოდა.

დარცხვენილი ბუ თავისი ფუღუროსაკენ გაეშურა.

ამ ამბის შემდეგ, როცა ცხვირს გარეთ გამოყოფს, რათა ღამის ჰაერი ჩაისუნთქოს, ჩანს მხოლოდ მისი ორი დიდი თვალი, რომელიც მთვარის ორი ნატეხივით ანათებს.

წყარო: lib.ge, თამარ ჩიხლაძის თარგმანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100