დედას გიტირებ სიკვდილო

დედას გიტირებ სიკვდილო,

შეგეგებები ღიმილით,

იცოდე არ დაგნებდები

ვერ შემაშინებ ტკივილით.

ვერ შემაშინებ რას ფიქრობ,

ეგ სულ ფეხებზე მკიდია

დაგვიწყებია ეტყობა,

სიცოცხლის ჟინი დიდია.

ძარღვებში სისხლის დენაა,

ყველაზე დიდი მდინარე,

აქუხე თუნდაც ეს ღამე,

ხვალ მაინც გამოიდარებს.

ვიცი გული გაქვს რკინის და

არასდროს შეგებრალები,

იცოდე სულს თუ ამომხდი

შევძლებ ვისუნთქო თვალებით

სიცოცხლის სამოსახლო ვარ

შუა ზამთარშიც ვყვავილობ,

არ დაგიჩოქებ არასდროს

იცოდე ამას ვთაკილობ !!!

დიდი ჯიუტი რამე ვარ,

გინდა არ გინდა… მიცნობდე,

ვერ დამაჩოქებ, ვერ შემჭამ,

გაგეჩხირები იცოდე.

დედას გიტირებ სიკვდილო,

ბოლომდე შეგებრძოლები,

სურვილს გაგიჩენ სიცოცხლის,

სიცოცხლედ მოგენდომები.

მე ხომ ისეთი გული მაქვს

მზიდან რომ ამობრწყინდება,

ისე ვიბრძოლებ იცოდე

სიცოცხლე შენც მოგინდება.

ბეჭებზე დაგდებ იცოდე,

ნუ გადმოლახავ ამ ღობეს,

ჩხუბი ხომ მორევაზეა,

ვნახოთ აქ ვისი აჯობებს.

უნდა იცოდე… სიკვდილო,

რომ დანებება არ მიყვარს,

სიცოცხლეს მაშინ გაგატან,

როდესაც ღმერთი წამიყვანს.

კომენტარი