"ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც"

დღეს დიდი კონსტანტინეს გარდაცვალებიდან 38 წელი გავიდა. გთავაზობთ ამონარიდებს მწერლის ნაწარმოებებიდან.

- ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.
- არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.
- იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.
- მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა.
- ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო.
- ძლიერს უფრო უჭირს ამქვეყნად.
- არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.
- გადადებული ომი სჯობია მოუფიქრებლად წამოწყებულ კინკლაობას.
- დიაცი არასოდეს არჩიო ომს, რადგან დიაცი მხოლოდ მაშინაა ტკბილი, როცა ომის ნალაფარში მოჰყვება იგი.
- ვაჟკაცი იგი როდია ვინც პირველ ომს მოიგებს, არამედ თავის სიცოცხლეში უკანასკნელსაც.
- ომი ცხოვრების აჩქარებული მაჯისცემის გამომჟღავნებაა.
- სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).
- ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.
- ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.
- ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.
- თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.
- საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.
- მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.
- ოცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან.
- ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.
- როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.
- ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.

- ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.
- ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე.
- სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა.
- უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.
- ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.
- ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს.
- თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.
- ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა.
- ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.
- ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.
- უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტე- მე მუდამ განსაკუთრებულ გულისყურს ვაპყრობდი ადამიანის გარეგნობას.
- ჩვენი უბედურება ეგაა- სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს.
- ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია.
- სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს.
- არც ასაკი და არც სქესი შეღავათს არ იძლევა ხელოვნებაში.


კომენტარი