სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მღეროდნენ ირლანდიელი გულშემატკივრები

ვინც თვალს ადევნებდა ევროპის ჩემპიონატის მატჩს ესპანეთისა და ირლანდიის საფეხბურთო კოლექტივების მონაწილეობით, შეუძლებელია არ დამახსოვრებოდა ირლანდიელი გულშემატკივრის გულის შემძვრელი სიმღერა თამაშის უკანასკნელ წუთებზე.

გუნდი აგებდა ნოლით ოთხს და ირლანდიელები მღეროდნენ; მღეროდნენ ვითარებისათვის, ერთის შეხედვით, შეუფერებლად – მწყობრად, გრგვინვით, ხმაშეწყობილად. ეს არ იყო სასოწარკვეთილების ამოძახილი – ეს იყო ერთდროულად გამხნევება, შეგულიანება და დამშვიდება იმ საკუთარი ფეხბურთელებისა, რომლებმაც ყოველი ღონე იხმარეს, მაგრამ ძალა არ ეყოთ ძლიერ მეტოქესთან გამკლავებისა და ღირსეული წინააღმდეგობის გაწევის ფასად მარცხდებოდნენ. როგორი მადლიერები იყვნენ ფეხბურთელები, როგორ უხდიდნენ აპლოდისმენტებით მადლობას საყვარელ გულშემატკივარს! როგორი შესაშური სურათი იყო ჩვენთვის!

არ შეიძლება მნახველს არ გახსენებოდა ქართული ფილმის, „პირველი მერცხლის" ფინალური კადრები, სადაც დამარცხებული ფოთელი ბიჭები ბრიტანული ჰიმნის საპასუხოდ მღერიან „აბა ულას"! ის სიმღერა აკი მომავალი ბრძოლების ჟინით ავსებს მაყურებელს. მაგრამ ეს ხდება ფილმში და მღერიან იქ ფეხბურთელები და არა გულშემატკივრები.

გულშემატკივრებთან კი თუ როგორი სურათია, ამაზე სიტყვის დაძვრაც ზედმეტია –პირდაპირ უნდა ითქვას, ქართველმა გულშემატკივარმა არ იცის ქომაგობა – თუ თამაში აეწყო გუნდს, ხომ კარგი; მაგრამ თუ გაუჭირდა და მეტიც, თუ აგებს – ავიწყდება, რომ გასამხნევებლად არის მისული სტადიონზე და თვითონ არის აქეთ გასამხნევებელი!

ის ფაქტი, რომ ჩვენი გულშემატკივარი სხვებზე მეტად და განსაკუთრებულად განიცდის მატჩის პერიპეტიებს, ვერაფერი გამართლებაა – ვისაც საკუთარი თავის ხელში აყვანა არ შეუძლია, ნუ მივა სტადიონზე – სტადიონზე მისული ადამიანი პირველიდან ბოლო წუთამდე გვერდით უნდა ედგას და ამხნევებდეს საკუთარ გუნდს!

მეორეს მხრივ, თვით სპორტის ძველი და ახალი წარმომადგენლები თუ აძლევენ დღეს გულშემატკივარს გამხნევების სტიმულს? – თავად განსაჯეთ:

– თუკი მწვრთნელი მეწაღესავით აგინებს ფეხბურთელებს მთელი თამაშის მანძილზე და მერე გასახდელში აგრძელებს „ქურდულ" გარჩევებს; თუკი სპორტის ვეტერანი მტრული ქვეყნის ადეპტ ოლიგარქთან აფსკვნის კუდს, თუკი ცნობილი ფეხბურთელი პოლიტიკოსთა რიგებში დგება და ერთი ორგანიზაციის ტრიბუნიდან მეორეს ესვრის ღორღსა და ტალახს და ავიწყდება, რომ ფეხბურთელს, ისევე, როგორც ჯარისკაცს, არა აქვს პოლიტიკოსობის უფლება...

გამოვა თანხმიერება ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის? არ გამოვა!

ამიტომ, ვიდრე ჩვენც ირლანდიელი გულშემატკივარივით არ ვისწავლით საკუთარი გუნდის მხარდაჭერას თვით ყველაზე უნუგეშო ვითარებაში და ვიდრე ქართველი ფეხბურთელები საფეხბურთო ორთაბრძოლებს არ გაუთანაბრებენ სამშობლოსათვის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლას, მანამდე ქართულ ფეხბურთს არ დაადგება საშველი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100