სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლაიპედას ვდგევართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს...

დაახლოებით ნახევარი საათი რჩება კლაიპედაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სასტარტო მატჩამდე და განწყობა ჯერაც აღრეულია: ზოგს ბელგიის ნაკრების სიძლიერე აშინებს, ზოგს ის ედარდება, ჩვენს გულშემატკივრებს ლიტვიელები შეუერთდებიან თუ არა, ზოგს კიდევ ის, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავიანთი მთავარი ძალები რუსეთთან შეხვედრისთვის შემოინახონ.

მოკლედ, მოლოდინი დიდია და სპორტის ბევრ გულშემატკივარს, ვისაც სიმბოლოების, ნიშნების და ა.შ. სჯერა (ასეთები კი სპორტის მოყვარულებს შორის არცთუ ცოტანი არიან), მიაჩნია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების პირველ შეხვედრაში ნაჩვენები თამაში და გამარჯვების წყურვილი აუცილებლად აისახება საფეხბურთო და რაგბის ნაკრების წევრებზეც...

ამასთან, მაქსიმალისტები მოგებას ითხოვენ, რეალისტებიც მოგებას და ნაკლებად რეალისტები – გამარჯვებისკენ ლტოლვას. რაც შეეხება პესიმისტებს... თუმცა, არიან კი დღევანდელი საკალათბურთო ნაკრებისადმი პესიმისტურად განწყობილი ქართველები? ალბათ, არა. ან – ნაკლებად.

თითქოს ყველაფერი მზადაა: გულშემატკივართა არმია გუშინ თბილისიდან საგანგებოდ გაემგზავრა. ლიტვის მოსახლეობა, ისევე როგორც ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებისა, საქართველოს მიმართ ლოიალურადაა განწყობილი და, შესაბამისად, კლაიპედაში ქართველ გულშემატკივრებთან ერთად ადგილობრივთა უმრავლესობაც საქართველოს უქომაგებს, განსაკუთრებით – რუსეთთან თამაშის დროს.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. შესაძლოა, მათ შორის პრეზიდენტიც ვიხილოთ. მართალია, ოფიოციალურად არ არის ცნობილი, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ან დღევანდელ, ან რუსეთის ნაკრებთან დაგემილ შეხვედრას, მაგრამ თუკი მის ხასიათს გავიხსენებთ, სულაც არაა გამორიცხული, ტრიბუნაზე ვიხილოთ და არც ისაა გამორიცხული, გამარჯვების შემთხვევაში გუნდს გასახდელთან დახვდეს და პირადად მიულოცოს.

კალათბურთის გულშემატკივრებისა და მათი მხრიდანაც, ვისაც სპორტი მხოლოდ გახმაურებული მატჩების დღეებში უყვართ, საქართველოს ნაკრებმა რამდენიმეპუნქტიანი ერთი მოთხოვნა მიიღო: თავდადება და აზარტი, გამარჯვების წყურვილი და თავის არდაზოგვა... ამ სურვილს ყველა უერთდება და დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ.

ახლა კი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ ქართველ კალათბურთელებს, ვიზე დაყრდნობაც მოუწევს ლიტვაში ქართველთა მთავარ დამრიგებელს – იგორ კოკოშკოვს:

გიორგი გამყრელიძე, ვლადიმერ ბოისა, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია, მარკიზ ჰაინსი, გიორგი შარაბიძე, ლაშა ფარღალავა.

ქართველების თამაშმა, თუნდაც, იგივე ბელგიასთან, განსაკუთრებით თბილისში, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ძლიერი გუნდისთვის ავტორიტეტი არ არსებობს და რომ გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება. ჰოდა, ჩვენი ბიჭები დღეს სწორედ იმას დაამტკიცებენ, რომ კლაიპედაში დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ...

მინაწერი ვიდეოზე (შეხვედრა ბულგარეთის ნაკრებთან): – მინიმუმ, ასეთ თამაშს ველით, ბიჭებო!...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100