რუსული არმიის დაწუნებული და სომეხი ექიმებისგან დაშინებული „ქართველი ზანგი“

სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა შავკანიანმა ფეხბურთელმა. ქართული პასპორტით ხელდამშვენებულმა ზამბიელმა, ჩისამბა ლუნგუმ უკვე ორჯერ მოირგო ხუთჯვრიანი მაისური და ასე შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - ის ჩვენთვის პირველი ნატურალიზებული ფეხბურთელია...

პოლიტიკა და ფეხბურთი - ეს ის ორი სფეროა, რომლებშიც ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ ქართველს თავი პროფესორი ჰგონია და ძნელი წარმოსადგენია, ამაში ვინმე შემოგვედავოს. ქუჩაში, სამეგობროში თუ სამსახურში თავისუფალი დროის მოკვლა ხომ ძირითადად სწორედ ამ თემებზე დავა-კამათით ხდება ხოლმე. ამხელა წინათქმა იმის აღსანიშნავად დაგვჭირდა, რომ ჩისამბა ლუნგუს გაქართველებამაც გვარიანი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში...

ზოგს მოსწონს ეს ამბავი, ზოგიც ცუდ პრეცედენტად მიიჩნევს. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა მეკარემ ოთარ გაბელიამ ცოტათი შეაფხიზლა “ზამთრის ძილმიცემული” სპორტული საზოგადოება. მტყუან-მართლის გარჩევას აღარ დავიწყებთ, დასკვნებს ალბათ თავადაც გამოიტანთ, აქ კი 19 წლის ლუნგუს იმ გზაზე მოგითხრობთ, რომელმაც ის საქართველომდე მოიყვანა. მით უფრო, რომ ეს გზა ია-ვარდით მოფენილი სულაც არ ყოფილა...

თავის სამშობლოში ჩისამბა ლუნგუ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა და ალბათ ამიტომაც იყო, პატარა ასაკშივე რომ სცადა გალეგიონერება. სწორედ აქედან იღებს სათავეს იმ პრობლემათა მდინარე, რომელმაც ლუნგუს კინაღამ კარიერა დაასრულებინა.

ზამბიიდან აბარგებული ლუნგუ ჯერ ჩვენს ავ-სამეზობლოში, რუსეთში ჩავიდა და მოსკოვის ცსკა-ში ჩარიცხვას შეეცადა. ეგაა, რუსული არმიის სათაყვანებელი გუნდის მწვრთნელებმა ზამბიელს კარი მიუხურეს - ჩვენს დონეს ვერ აკმაყოფილებო და ჩისამბაც რუსეთს გაეცალა. თუმცა ერთი დეტალი მაინც შემატა თავის ცნობიერებას – მოსკოვში მან პირველად ნახა თოვლი, რამაც რუსები ისე გაახალისა, რომ დამცინავი ტონის სტატიები გამოჩნდა იქაურ პრესაში...

რუსეთში დაწუნებულმა ლუნგუმ მოგვიანებით სომხეთში სცადა თავის დამკვიდრება, მაგრამ ამაოდ. სამი თვის განმავლობაში მან ექვსი (!) სომხური კლუბისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. თუმცა ყველაზე გულსატკენი სიტყვები ერევნის “პიუნიკის” ექიმებისგან მოისმინა - გულის უმძიმესი დაავადების გამო შენთვის ფეხბურთი სასტიკად აკრძალულიაო!

ამის მიუხედავად, ლუნგუმ თამაში გააგრძელა – ჩემი საქმე ფეხბურთია და თუ რამე დამემართება, ღმერთი გადაწყვეტსო, უთხრა მან სააგენტო “არმფუტბოლს”, რის შემდეგაც საქართველოში ჩამოვიდა, ზუგდიდის “ბაიასთან” გააფორმა კონტრაქტი და... “მე ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა. ეს შესანიშნავი გრძნობაა” - ეს სიტყვები ჩისამბა ლუნგუმ უკვე ზუგდიდიდან გაუგზავნა სომხურ პრესას და ალბათ თავისი ბოღმა ნაწილობრივ მაინც ამოანთხია...


კომენტარი