სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეცბაიამ ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა დაასახელა

ოთხი წელიწადია მაქვს ის პრობლემა, რომ ფეხბურთელებს არ უნდათ ნაკრებში ჩამოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ამბობს.

თემურ ქეცბაია რამდენიმე ფეხბურთელის ნაკრებიდან წასვლაზე საუბრობს და მიზეზებს ასახელებს.

"ამისულაშვილი ნაკრებიდან წასვლას აპირებდა და ვცადე, ეს გადამეფიქრებინებინა მისთვის - ნაკრებიდან წასვლას ვერ გაგიგებს ხალხი და ეს, პირველ რიგში, შენთვის იქნება-მეთქი ცუდი. ესპანეთთან მატჩისთვის ხიზანიშვილი უკვე წასული იყო ნაკრებიდან, გრიგალავას დისკვალიფიკაცია ჰქონდა - მოკლედ, ძნელი მატჩი გველოდებოდა.

თამაშის წინ მაცნობეს, ამისულაშვილმა დარეკა - საზარდულების პრობლემა მაქვს და საოპერაციოდ გერმანიაში უნდა წავიდეო. ვეცადე, დამერეკა ამისულაშვილთან, მაგრამ ზარს არ უპასუხა. მერე არჩილ არველაძეს ვთხოვე, დაერეკა მისთვის. დაურეკა და ამისულაშვილმა უთხრა, თამაშის მერე დავურეკავ მწვრთნელსო. მაგრამ არც თამაშის შემდეგ დამირეკა. საჭირო მომენტში ნაკრებს ზურგი აქცია და მწვრთნელიც არაფრად ჩააგდო", - ამბობს ქეცბაია.

რაც შეეხება ხიზანიშვილს, როგორც ქეცბაია აცხადებს, ხიზანიშვილი ტრავმას იმიზეზებდა და ნაკრებში არ ჩამოდიოდა, თუმცა კლუბში თამაშობდა.

"ნაკრებში არ მოდის, კლუბში კი თამაშობს. ვუთხარი ხიზანიშვილს, აღარ გამოგიძახებ ნაკრებში-მეთქი. იმედი მქონდა, რომ კიდევ ოთხ წელიწადს ითამაშებდა ნაკრებში.

მესი ტრავმას რომ მიიღებს, მაინც ჩადის ნაკრებში და არ რჩება "ბარსელონაში". ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში არ ჩამოვა და მერე კლუბში ითამაშებს, აღარ უნდა გამოიძახო. ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოვართვით, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, ახალი ეტაპი იწყებოდა და სხვა დავაყენეთ კაპიტნად. ალბათ დიეტოლოგიც უნდა ამეყვანა, რომ ხიზანიშვილს ზედმეტი წონა დაეკლო, ლამის მთელი ცხოვრება ზედმეტი წონით თამაშობს", - განაცხადა ქეცბაიამ.

მისივე თქმით, მას არ უთქვამს, რომ ქართველი ფეხბურთელები "ჩარეცხილები" არიან.

"უბრალოდ არ ვართ იმ დონეზე, რომ ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი დავიკავოთ," - აღნიშნა ქეცბაიამ.

რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე ამისულაშვილმა განაცხადა, რომ ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს. ზურაბ ხიზანიშვილმა კი ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდა, თემურ ქეცბაის ნაკრები დაატოვებინოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100