საქართველომ ავღანეთში, კიდევ ერთი სამხედრო დაკარგა

საქართველომ ავღანეთში კიდევ ერთი სამხედრო დაკარგა. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის განმავლობაში, მეშვიდე ქართველი სამხედრო ვალერი ვერსკიანი დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაჭრილი კაპრალ ვალერი ვერსკიანის გარდაცვალების გამო. სამინისტროს ინფორმაციით, ვალერი ვერსკიანი 5 მარტს მისიის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა. ის მკურნალობას გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა (აფეთქების შედეგად ქონდა ყელის არეში სამი ჭრილობა). კაპრალი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ვერსკიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება. უწყების ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას გადიან მისიის შესრულების დროს დაჭრილი 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ ,,თალიბების’’ ნაღმმა, 2011 წლის თებერვალში კიდევ ერთი, ქართველი 32-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ავალიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხოლო, აფეთქების შედეგად დაიჭრნენ კაპრალები ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე. ფაქტის მიუხედავად, ავღანეთში ქართველთა კონტინგენტის გაზრდის თაობაზე, პარლამენტმა გადაწყვეტილება თებერვალში 73 ხმით ერთის წინააღმდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიიღო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამწუხარო ფაქტების გათვალისწინებით ხელისუფლება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, საქართველოს რამდენად უღირს ჯარისკაცების სიცოცხლის რისკის გაწევა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. მათი შეფასებით, საქართველოს რაც მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში, მით მეტია მსგავსი ტრაგედიების ალბათობა იქნება. პარლამენტმა, მიმდინარე წელლს, მისიაში კონტიგენტის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინადადებით გამოვიდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯზე მისიაში სამხედრო პირთა რაოდენობა გაზრდილიყო. შეგახსენებთ, რომ მისიაში მონაწილეობის დროს ავღანეთში დაიღუპნენ ნუგზარ კალანდაძე, მუხრან შუკვანი, დავით ცეცხლაძე, გიორგი კოლხიტაშვილი და რამაზ გოგიაშვილი. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი 2010 წლის 6 სექტემბერს დაიღუპა. ხოლო, გიორგი კოლხიტაშვილი, ნუგზარ კალანდაძე, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი გასული წლის 30 სექტემბერს. ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის სამხედრო ოპერაციაში საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად, ISAF-ის ოპერაციაში 50-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ 2004 წელს მიიღო მონაწილეობა. მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2009 წლის 6 აგვისტოს კი, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ დადგენილება მიიღო. 2009 წლის შემოდგომაზე, ავღანეთში ქვეითთა ერთი ასეული გაემგზავრა, 2010 წელს კი - ბატალიონი. Aქედან, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული საფრანგეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში განთავსდა, ერთი ბატალიონი - ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში, ხოლო ორი სამხედრო მოსამსახურე - თურქეთის კონტინგენტში. 2009 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული (172 სამხედრო მოსამსახურე და კაპელანი-მართლმადიდებელი მღვდელი მამა იოსები) ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 2010 წლის აპირილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო პირი გაიგზავნა.

კომენტარი