
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
„მაღალი ტემპერატურის დროს მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. ასევე მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; ამისთვის გამოიყენეთ დღის ყველაზე გრილი პერიოდი დილით, დილის 07:00 სთ-მდე.
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ქოლგა, მზისგან დამცავი სათვალე.
თუ შესაძლებელია, გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
თუ სახლში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელია, შეეცადეთ დღის განმავლობაში 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგ: მეტრო, მაღაზია, აფთიაქი და სხვ).
არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე, (თუ ეს სახიფათო არ არის), სანამ სიგრილე იქნება.
თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს“,- აღნიშნულია რეკომენდაციებში.