საიდუმლო ოლიმპიადის კულისებსმიღმა, ანუ რა აშინებთ რუსებს „სოჭი-2014“-ის წინ?

დამთავრდა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები და „სოჭი - 2014“-ის ზარი დაირეკა. რუსულ ინტერნეტ- საიტებზე ჩნდება ანალიტიკური წერილები, რომლებიც ოლიმპიური თამაშების კულისებსმიღმურ საიდუმლოს ხდიან ფარდას. რა არის ეს - თავის დაზღვევა „მოკ“-ის მიერ საოლიმპიადოდ მოუმზადებლობის გამო რუსეთის დაწუნების შემთხვევისათვის; უარის თქმის შიში, ტერაქტების მიზეზით; პოლიტიკური ვითარებისა და გადაულახავი ეკონომიკური სიძნელეების პრევენცია თუ ზრუნვა მშობლიური ქვეყნის ზნეობრივი და კულტურული ღირებულებების შელახვისაგან დაცვისათვის? ალბათ ყველაფერი ერთად, მაგრამ ფაქტები იმდენად მყარად არგუმენტირებულია, რომ უდავოდ იმსახურებენ ყურადღებას და, ამდენად, საინტერესოა მათი გაცნობა. მაშ ასე, 5 მიზეზი, რომელიც ნეგატიურად განგვაწყობს ოლიმპიადების მიმართ - უკუთანამიმდევრობით:

5. „ოლიმპიური სოფელი“ - ეს არის განუწყვეტელი ორგია. „ოლიმპიური სოფელი“ ეწოდება ქალაქის კვარტალს, სადაც ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენები ცხოვრობენ. თუმცა, ამ სოფელს თამამად შეიძლება ეწოდოს „სექსილვანიაცა“ და „გარყვნილბურგიც“, რადგან ყველა ოლიმპიურმა სოფელმა იმით გაითქვა სახელი, რომ გახდა სექსუალური უზნეობისა და ყოველგვარი მანკიერების ცენტრი.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ქალღმერთებითა და ნახევარღმერთებით დასახლებულ ქალაქში, რომელთაგან ყველანი შესანიშნავ ტონუსში არიან და ამ ფორუმს ელოდნენ 4 წლის მანძილზე. აქ თავშეყრილია 10 ათასი ადამიანი - მშობლების გარეშე, ცოლების და ქმრების გარეშე, მკაცრი რეჟიმის გარეშე და თავისუფალი დროც უმრავლესობას თავზესაყრელი აქვს!

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრიტანელ ოლიმპიელთა სახლების სახურავზე იმდენი გამოყენებული პრეზერვატივი დაგროვდა, რომ ოლიმპიურ ასოციაციას მოუხდა სექსის აკრძალვა ქუჩაში.

1992 წელს ოლიმპიადის ორგანიზატორები ისე შეაშფოთა აღვირახსნილმა სექსმა, რომ დაიწყეს სპორტსმენებისათვის პრეზერვატივების უფასოდ დარიგება, შიდს-ის გავრცელებისაგან თავდასაცავად. 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 6,5 ათას სპორტსმენსა და სპორტულ მოხელეს დაურიგდა 100 ათასი პრეზერვატივი, ანუ 15 ცალი თითოეულს. ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და პირდაპირ თამაშების დროს საჭირო გახდა არსებული დეფიციტის შევსება!

4. ქალაქი-ორგანიზატორი დროებით იქცევა პოლიციურ სახელმწიფოდ. იმისათვის, რათა აინაზღაურონ თამაშების გასამართი კოლოსალური ხარჯები, ოლიმპიადის ორგანიზატორებს სჭირდებათ ცნობილი სპონსორები მსოფლიო სახელით. როგორც მასპინძლებს, მათ უფლება აქვთ საკუთარი საქონლის გაყიდვის უფლება მიანიჭონ მხოლოდ ამ მსხვილ ბრენდებს. ვისაც პატარა მაღაზია აქვს, უჯობს არც კი იფიქროს ისეთი ტერმინებით მანიპულირებაზე, როგორიცაა: „ოლიმპიური თამაშები“, „ოქრო“, „ვერცხლი“, „ბრინჯაო“... თუ ვინმე საკუთარ მცირე საწარმოსთან შემთხვევით შეაკავშირებს ამ სიტყვებს, მოუხდება 30 ათასი დოლარი ჯარიმის გადახდა.

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი ითხოვს, რომ ქალაქ-ორგანიზატორს ჰქონდეს განსაკუთრებული უფლებები - ეს კი ნიშნავს სიტყვის თავისუფლების ყველა ადგილობრივი კანონის დარღვევას. მაგალითად, ლონდონის კონტრაქტი გულისხმობდა, რომ სარეკლამო ფირნიშების ქირაობა შეეძლო მხოლოდ თვით ქალაქს და მისი გამოყენება - მხოლოდ ოლიმპიადის სპონსორებს. თუ ვინმე დააპირებს ოლიმპიადის საწინააღმდეგო ფირნიშის დადგმას, აღმოჩნდება სამართალდამრღვევის მდგომარეობაში, რადგან ეს აკრძალულია. პოლიციას უფლება აქვს შეიჭრას ნებისმიერის სახლში და ნაჭერ-ნაჭერ დახიოს ოლიმპიადის საწინააღმდეგო პლაკატები და ტრანსპარანტები

3. ოლიმპიადა აკოტრებს ქვეყანას. ქალაქები ისვრება და ნაგვიანდება, როდესაც იქ პლანეტის უდიდესი თამაშები იმართება. ოლიმპიადა ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის ქალაქი ემახსოვრებათ ათწლეულების მანძილზე - თითქოს ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!

მაგრამ პატივისა და ჯილდოსათვის უნად გადაიხადო კიდეც! გადახდა კი მთელი ეკონომიკით მოგიწევს. საბერძნეთისთვის ეს საშინელება გამოდგა. 2004 წლის ოლიმპიადის ბიუჯეტი იყო 4,5 მილიარდი ევრო. მაგრამ რეალური ღირებულება სწრაფად გაორმაგდა, პირვანდელ ხარჯთაღრიცხვასთან შედარებით. როდესაც ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა, თამაშების ფასმა შეადგინა საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%. 8 წელი გავიდა მას შემდეგ და ქვეყანა ვერ ამოვიდა ამ ვალიდან. ვანკუვერმა საერთოდ დაკარგა თავისი, საცხოვრებელ კვარტლად ქცეული, ფანტასტიკური ოლიმპიური სოფლის შენებაში ჩადებული დანახარჯების ამოღების იმედი; ქალაქის ხელისუფლება დღემდე გაშმაგებით დაეძებს საშუალებას ხარჯების ნაწილობრივ დასაფარავად მაინც.

თუმცა ეს ფინანსური კატასტროფები ახლოსაც ვერ მოვა მონრეალთან. ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა იქ დასრულდა ოლიმპიადის დამთავრებიდან 11 წლის შემდეგ, მაგრამ ვალების გასტუმრება 1976 წლის ოლიმპიადის შემდეგ 30 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

ამიტომ იყო, რომ შვეიცარიის ქალაქ ბერნის მცხოვრებნი ეწინააღმდეგებოდნენ მათ ქალაქში ოლიმპიადის გამართვას 2010 წელს და არც დეტროიტს მოუკლავს თავი 1972 წელს გასამართი თამაშებისთვის...

2. ვინც მეტს იხდის, ის ხდება თამაშების მასპინძელი. ოლიმპიადის ჩასატარებლად განაცხადის გაკეთება და ამ განაცხადის მიღება მეტისმეტად რთულია. „მოკ“ -ი დაწვრილებით ამოწმებს ყველაფერს - ქალაქის სპორტული ობიექტებიდან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაწყებული - ოლიმპიადასთან მოქალაქეების დამოკიდებულებით დამთავრებული. იცით, რატომ არ მისცეს პარიზს 2012 წლის ოლიმპიადის გამართვის უფლება? იმიტომ, რომ „მოკ“-ის ჩამოსვლის დღეს იქ იყო საყოველთაო გაფიცვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა. არ მუშაობდა და მორჩა - ვეღარ იხილა საფრანგეთმა ოლიმპიადა.

ძალიან ბევრი დოლარი მიდის იმისათვის, რომ „მოკ“-ი დაარწმუნო შენი ქალაქის უპირატესობაში. როდესაც ჩაატარეს ნაგანოს 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ანალიზი, გაირკვა, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის დათანხმებაზე დაიხარჯა ათობით ათასი დოლარი. თუ სოლტ-ლეიკ-სიტი „მოკ“-ის წევრებს სუვენირების სახით ასაჩუქრებდა ფოტოაპარატ-სასაპნეებით, იაპონელები შაქარყინულივით არიგებდნენ ძვირადღირებულ ვიდეოკამერებს. მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრის მაქსიმალური ღირებულება „მოკ“-ის წევრისთვის 200 დოლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, იაპონელებმა ამ მიზნით 5,7 ათასი დოლარი დაახარჯეს თითოეულს. შედეგად ნაგანომ თავისი განცხადებისათვის დახარჯა 24 მილიონი დოლარი, ანუ 5-ჯერ მეტი, ვიდრე სოლტ-ლეიკ-სიტიმ.

1. ღარიბებს ადგილებს ათავისუფლებინებენ. ქალაქები აგროვებენ ფულს ოლიმპიადის ჩასატარებლად. მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ ეს ხელსაყრელია - შედეგად ისინი მიიღებენ პირველი კლასის ნაგებობებს, ახალ საცხოვრებელ კვარტლებს, თამაშების მოსამზადებელ პერიოდში ურიცხვ სამუშაო ადგილებს, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სპორტული პროგრამების დაფინანსების საშუალებას. აბა, როგორ არ შეგიყვარდეს ოლიმპიადა?

მაგრამ ეს სპორტული ნაგებობები და ახალი საცხოვრებელი კვარტლები ხომ სადღაც უნდა განთავსდეს? როგორც წესი, ასეთ ადგილებად ირჩევენ ღარიბი ხალხის საცხოვრებელ რაიონებს. 1996 წლის თამაშების მიზეზით ატლანტის 30 ათასი მცხოვრები გაასახლეს, ხოლო 1900 წელს საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს სეულის 720 ათასი მცხოვრები. მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება პეკინის ოლიმპიადას - 2008 წლის თამაშების წინ ხელისუფლებამ საკუთარი სახლებიდან გამოყარა მილიონნახევარი ადამიანი.

რაც შეეხება საუკეთესო სპორტულ ნაგებობებს, საბერძნეთში 22 ოლიმპიური სტადიონიდან 21 იქცა მაწანწალათა და ათასი ჯურის ნაყარ-ნუყარის თავშეყრის ადგილად, აგრეთვე ფრინველების სკინტლით სავსე არენად!

აი, ასეთ 5 პუნქტს გვთავაზობს რუსული ინტერნეტ-მედია. ახლა წარმოვიდგინოთ თითოეული ეს პუნქტი სოჭის ოლიმპიადის რუსულ სინამდვილეში: 5. „ოლიმპიური სოფელი“ - ეს არის განუწყვეტელი ორგია. სოჭს განა აქამდე აკლდა სექსუალური აღვირახსნილობა, რომ ახლა მთლად ორგიად არ გადაიქცეს? 4. ქალაქი-ორგანიზატორი დროებით იქცევა პოლიციურ სახელმწიფოდ. რუსეთს კიდევ რაღა პოლიციურობის დამატება უნდა, არ კმარა როგორი პოლიციურიც არის? 3. ოლიმპიადა აკოტრებს ქვეყანას. რუსეთს კიდევ რა გაკოტრება უნდა - ისედაც სულს ღაფავს პროვინცია! 2. ვინც მეტს იხდის, ის ხდება თამაშების მასპინძელი. გადახდით - იცოცხლეთ, იხდიან ოლიგარქები და ხალხისგან ნაპარავი ფულით ქრთამავენ „მოკ“-ის წევრებს. 1. ღარიბებს ადგილებს ათავისუფლებინებენ. ეს უკვე მწარე რეალობაა - მოსახლეობას მთელ ოლქში სოფელ-ქალაქებს აცლევინებენ!

ჰოდა, ვიკითხოთ, მთელმა მსოფლიომაც გზა რომ დაულოცოს სოჭს, ესურვებათ რუსებს ოლიმპიადა?

კომენტარი