მადლის ქვა

დღეს, 31 მაისს, ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს, გავიხსენებთ მის სასწაულებრივ სტუმრობას წმიდა ქალაქ იერუსალიმში:

მამა დავითი რამდენიმე ბერთან ერთად სიწმიდეთა მოსალოცად იერუსალიმს გაემართა. როდესაც „მადლის ქედად" წოდებულ მთას მიაღწიეს, საიდანაც კარგად მოჩანდა ქალაქი ღვთისა, ბერებმა ხელები აღაპყრეს მაღლა და ღმერთს მადლობა შესწირეს, ხოლო მამა დავითი ქვე დაემხო ქვითინით და შეჰღაღადა, რომ რაკი ღირს იქმნა ამ წმიდა ადგილის დანახვისა, კმაროდა ეს მისთვის და ვერ აკადრებდა თავის თავს საკუთარი ცოდვილი ფეხით სიარულს იქ, სადაც თვით უბიწოსა და ღმერთკაცობრივი უფლის ფერხთ ევლოთ. „უფალო ღმერთო ჩვენო, იესო ქრისტე – მიმართავდა უფალს – მიწაზე კაცთა საცხოვნებლად მოსულო, რომელიც ქალწულისაგან განხორციელდი და სრული კაცი შეიქენ, ოღონდ უცოდველი; შენი ნებით თავს იდევ ჩვენი ცოდვები და იმ ადგილას, რომელსაც ეხლა მე ვუყურებ, ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინე; ღვთის ძლიერებით აღდგომილმა აღადგინე ადამიც მთელი თავისი მოდგმით; წმიდა მოციქულთა ხელით მოგვეცი სახარება, რომელიც მოგვითხრობს შენს განგებულებას და იმას, რაც შენ, უკვდავმა და უსხეულო ღმერთმა, ზეციური მამის წიაღიდან გამოსულმა, მიწაზე აღასრულე ჩვენი ცხოვნებისათვის, რათა მივხვდეთ ჩვენს ცთომილებას და სინანულის გზით უწინდელი ნეტარება დავიბრუნოთ საუკუნო ცხოვრებაში. კურთხეულია შენი სახელი, რომელმაც მე, შენი უღირსი მონა, ღირსი გამხადე აქ მოსვლისა და ამ ადგილის ნახვისა, სადაც შენი წმიდა ფეხი დაგიდგამს! მე ვეღარ გავბედავ გზის გაგრძელებას და ჩემი ცოდვილი ფეხით ვერ შევეხები იმ მიწას, რომელსაც ჩემი შემოქმედის ღმერთკაცობრივი და უბიწო ფეხი ეხებოდა. საკმარისია ჩემთვის ის მადლი, რომ ღირსი შევიქენ, ჩემი უღირსი თვალით დამენახა ეს წმიდა ადგილები!"

ბერებმა ვერაფრით დაითანხმეს მამა დავითი ქალაქში შესვლაზე. „თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ლოცვა ჰყავთ!" – მათვე სთხოვა წმიდა მამამ, თავად კი დაელოდა და, როცა ისინი ქალაქიდან დაბრუნდნენ, მადლის ქედიდან სამი ქვა აიღო სამახსოვროდ, ვითარცა ქრისტეს საფლავისგან გამოკვეთილნი და რწმენით ჩაილაგა აბგაში. ამის შემდეგ გამობრუნდა და გახარებული დაადგა გარეჯის გზას.

მისი გულწრფელობითა და რწმენით გაკვირვებულმა უფალმა ინება გამოეჩინა ეს ბრწყინვალე მამა, რომელმაც თავისი გადამეტებული კრძალულების გამო ვერ გაბედა იერუსალიმში შესვლა.

იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მისი სამკვიდრებლიდან მონას ღვთისას დავითს საკუთარი სარწმუნოებით იერუსალიმის სამი ქვით მთელი მადლი მიჰქონდა თან; უბრძანა, სასწრაფოდ მალემსრბოლნი წარეგზავნა, ორი ქვა დაეთმობინა და მხოლოდ ერთი გაეტანებინა სიწმიდის სახით – რათა იმ ქვის შემხებელთ მიეღოთ კურნება სულითა და ხორცით. მალემსრბოლთ დაავალა, ეთქვათ: „უფალი გიბრძანებს ამას, რადგან სარწმუნოებით წაგიღია მადლი ჩემი ქალაქიდან! მე მნებავს ორი ნაწილი უკან დავაბრუნო იერუსალიმში, რათა სრულად არ მოაკლდეს მადლს, მესამე კი შენთვის მომიცია უდაბნოში წასაღებად! წადი მშვიდობით და წმიდა ჰყავ ის უდაბნო შენი მისვლითა და სხეულის იქ დაკრძალვით. ვინც სარწმუნოებით შეეხოს შენს სხეულს, განიკურნოს სულითა და სხეულით. ეგ ქვა კი წაიღე, რათა იხსენებდნენ და მოუთხრობდნენ შენს სარწმუნოებას!"

პატრიარქის მალემსრბოლნი გზაში დაეწივნენ ბერს, პატრიარქის ჩვენების შესახებაც ამცნეს და მისი დანაბარებიც გადასცეს – იგი იერუსალიმში სტუმრობასა და ორი ქვის დაბრუნებას სთხოვდა. მამა დავითმა თავი არ ჩათვალა სტუმრობის პატივის ღირსად, ორი ქვა კი დაუბრუნა. მალემსრბოლნი პატრიარქთან დაბრუნდნენ და თან მიიტანეს წმიდა დავითისგან წამოღებული ქვები. ეს ამბავი მთელს იერუსალიმში გახმაურდა. ხოლო ქვა, რომელიც დავით გარეჯელმა საქართველოში ჩამოიტანა, ინახება სიონის საკათედრო ტაძარში და დღემდე კურნების სასწაულებრივი მადლით არის მოსილი.

კომენტარი