რომ ვერ დაგვიზამთროს თებერვალმა მაისი!

ამა წლის იანვარში "დრონი.ჯი" ატყობინებდა მკითხველს, რომ მოკლე ხანში დაიბეჭდებოდა ასი ქართული ლექსის კრებული, სათაურით „დაუმორჩილებელი ქართული პოეზია" . იქვე გაცხადებული იყო, თუ რას ისახავდა მიზნად ეს გამოცემა და საგანგებოდ იყო აღნიშნული, რომ, გალაკტიონ ტაბიძის სიტყვებით თუ ვიტყვით, ორსაუკუნოვანი პოლიტიკური ტყვეობის მანძილზე სწორედ პოეზია იყო ერის სულიერ ძალთა შემადუღაბებელი და თანაც იმდენად, „რომ თვით ჯალათებს, გადაქცეულს სმენად და ჭვრეტად,/ მცოდნეთ: რა ძალა, რა სიმტკიცე ჰღვივის გზნებისთვის,/ შიშის ზარს სცემდა პოეზია უფრორე მეტად, / ვინემ ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყებისთვის."

ანონსის სახით საიტზე მაშინ მკითხველს შევთავაზეთ ხალხური პოეზიის ნიმუშები, „გადარჩენილი ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ავ დროებებს და დღემდე შემორჩენილი ლიტერატორთა, მეცნიერთა თუ რიგით მამულიშვილთა პირად არქივებში" .

დღეს კი გვსურს ორსაუკუნოვანი მონობიდან განთავისუფლების პირველი ბედნიერი დღისადმი მიძღვნილი ლექსები წარმოგიდგინოთ და აღვნიშნოთ, რომ ამ ლექსების ავტორები თვით იყვნენ იმ პოლიტიკური და სამხედრო ბატალიების აქტიური მონაწილენი, რომელთა მეშვეობით გადააგდო საქართველომ მონობის უღელი. მაგრამ, სამწუხაროდ, მოგვიანებით, გარე და შინაური მტრებისაგან ნაღალატებ საქართველოში, როგორც იმ ბედნიერი მაისისშემდგომი პერიოდი არ იყო საქართველოსთვის უღრუბლო და უბურუსო, ისე კონკრეტულად ამ ლექსების ავტორთა მომავალიც – ერთმა სიცოცხლე შესწირა საქართველოს ეროვნული ღირსების დასაცავად ბრძოლას, მეორეს ემიგრანტის მძიმე ხვედრი ერგო და მესამე საკუთარ სამშობლოში გრძნობდა თავს ემიგრანტად.

ამდენად, ვიდრე ერის მეხსიერება ინახავს ორ თარიღს – 26 მაისსა და 25 თებერვალს – და ვიდრე არსებობს ძალა, რომელიც ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ ეგუება ჩვენი ქვეყნის თავისუფალ არსებობას, დღეს, როგორც არასდროს მოეთხოვება ქართველობას სიფხიზლე და ერთსულოვნება, იმ პირველი თავისუფლების მოპოვების ჟამს შობილი სლოგანით: „გუშაგობ ერს!" რათა მტერმა ვერასოდეს ვეღარ დაგვიზამთროს თებერვლით მაისი!

დავით კოპალი

26 მაისი

მაისის ფერ თბილ ქალაქში

ძველი ახალს ებუტება,

და ცოცხალი პაპათ ლანდი,

ქართულ დროშას ეხუტება.

სიონშიაც ზარს ჩამოკრეს,

სასახლისკენ მიდის ხალხი,

თვის უფლებას ეუფლება

და ეხსნება დროშას თალხი.

მტერსაც ძმურად ხელსა უწვდის,

შავს წარსულზე იკლავს დარდებს,

მამა–პაპათ მადლსა უხდის,

მოუწოდებს იმათ ლანდებს.

მაისის ფერ თბილ ქალაქში

ძველი ახალს ებუტება,

და ცოცხალი პაპათ ლანდი,

ქართულ დროშას ეხუტება

„საქართველო", 1918 წ. 29 მაისი (№103)

ურდოელი (ტერენტი ყიფიანი)

სამაისო

აჰა მაისი... ვარდების და სხივთა ლაშქარი!..

ირგვლივ უსაზღვრო სურვილების ლაღი დინება!..

ბნელეთში მძაფრი შეტაკება...ქარი აშარი

და ოცდაექვსში საქართველოს აღორძინება!..

იხსენებ წარსულს: ეს პატარა თვალი ქვეყნისა,

სადაც უბრალო ქვაც კი ამხელს აზრს და მშვენებას,

მოწმე სასტიკი აოხრების, წვა და რბევისა

და მიჩვეული მზიანი დღის ავდრით თენებას, –

როგორ გადურჩა შავ გრიგალებს, შესძლო აცდენა

მწარე ხვედრისა, და აშორდა ვერაგულ მახეს?!

როგორ შეიძლო ამ ცეცხლისგან თავის დაღწევა

და მოიტანა მან აქამდი თავისი სახე?!

არ გვასვენებდნენ, თქვენც მოწმე ხართ ლამაზო მთებო, –

მამულისშვილთა წმინდა გვამი ყველგან ეყარა!..

ჩვენ გვაოხრებდნენ იმ საბუთით, რომ საქართველო

იყო ვარდებით და სიუხვით სავსე ქვეყანა...

მაგრამ მათ მიწის გოჯიც კი ვერ შემოიმტკიცეს,

ვერ გვიმორჩილეს, თუმც გვეხვივნენ ირგვლივ სუროდა,

ვეღარ გასტეხა საქართველოს ხმალის სიმტკიცე

თვით მონგოლების სამასი წლის თავგასულობამ!..

რუსთველის ქნარი კვლავ დაგვირჩა ბნელში მეგზურად,

ბესიკის ბაღში კვლავ გალობდნენ ლერწმის ღეროდან,

ჩვენს მწუხარებას და სიხარულს, რაც თავს გვეხურა,

საიათნოვა გამომთვრალი ყელით მღეროდა!..

შემდეგ ირაკლის ხმალმა ზარდა ქართლის სამეფო, –

თითქოს ჩაგრულმა ერმა თვის გზას მიაკვლიაო,

თვით ფრიდრიხ–დიდმა საქვეყნოდ სთქვა: ევროპას მე ვფლობ

და აზიაში დიდი მეფე ირაკლიაო...

მაგრამ დიდების ეს ზენიტიც ჩქარა დაინგრა, –

რუსეთის ზამთარს გზა დაუთმეს ქართლის მიწაზეც,

დაწმენდილი და უღრუბლო ცა სწრაფად აიმღვრა

და საშინელი მორჩილება ჩუმად ვიწამეთ...

ძირშივე დაწყდა, აიწეწა ქარში ბარდები,

ხალხზე იტყოდით: მათ ალბათ სულ ბნელში უვლიათ...

ამდროინდელი ჩვენი სევდა, ჩვენი ნაღველი

ბარათაშვილის მწუხარე ხმით გამოთქმულია...

თითქოს კვლავ ხსნა და იმედები აღარსად იყო,

უნდა მიგვეღო მორჩილება შავი ბედისა,

მაგრამ ქვეყანა, სინათლის და ბნელის, გაიყო

და საიმედო განთიადი ისევ გვეღირსა;

ისევ აინთო სიხარულის მარადი შუქი,

ჩაკვდა სრულიად მტრის ღმუილი და გახელება,

თბილისს თავისი ცა დაჰხურეს – სუფთა და ლურჯი, –

რიცხვით ოცდაექვსს მაისს მოხდა ეს გათენება...

მაგრამ შეშურდა მტერს ჩვენი მზე თავისთავადი,

და კვლავ დაიძრა ქარიშხალი ცეცხლის ენებად...

ისევ რუსეთი...ისევ ტანჯვა, ცრემლი მარადი,

ისევ უაზრო გაწამება და გახელება!..

დაბლა დაუშვეს ჩვენი დროშა შვინდისფერადი,

შერყვნეს სიმკვეთრე და დიდება ქართულ ხმალისა,

მაგრამ იმედი ისევ შორი აგვიფერადდა

და კვლავ აღდგენის ჟამი დადგა ქართულ ძალისა...

გულის სიმართლე ქვეყნად აღარ დაიკარგება,

ბრძოლის სურვილით შევკრებილვართ ქართლის შვილები,

დაღვრილი სისხლი ნატრულ ვარდად აიქარგება

და ჩვენს თაობას დაებნევა მკერდზე შლილები...

მარტო არა ვართ, – გვეხმარება ამ დიდ ბრძოლაში

მთელ მსოფლიოში ყველა ერზე მართალი ერი,

აღებულ მახვილს ის სიკეთის ნათელ დროშად შლის

და გამარჯვების სიდიადის სიხარულს მღერის!..

ფრთები გაშალე იმედების, ქართლოსის მიწავ,

მალე შენს ბჭესთან დაიმსხვრევა მძიმე მონება,

გულს ნუ გაიტეხ, – თავისუფალ დროშით მოვდივართ

ქართლის შვილები – დარაზმული ლეგიონებად!..

გაზ. „საქართველო", 3. VI. 1990 წ. № 10

გიორგი ლეონიძე

26 მაისი

ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი,

დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი.

ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი...

აცეცხლებული ტოპაზებით ამაყი სახლი.

მზე პერანგს იცვამს ყირმიზისას – მთებში ნაფარი;

რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!..

საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი მიწისა,

აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა;

ვეღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა –

დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე...

შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს...

–დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს.

ნელდება ცეცხლის კოშმარებში ოდრიკალები –

თეთრი ფიფქები მახვევია მადრიგალებად...

და გორგასლანის მელანდება შავი სურათი.

მისრეთი...ჰინდი...ბაბილონი და ასურეთი.

ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში,

ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში.

დღეს სიხარული – ვით ცეკვაში მთვრალი სალომე,

როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!..

ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით გამეთარეშა –

არმაზისაკენ! ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში.

1918 წ.

კომენტარი